პოლიტიკა
თერჯოლაში თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
FaceBook
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე შპს „ტ და გ“-ს დამფუძნებელი და დირექტორი ტარიელ ბ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „ტ და გ“ აწარმოებდა რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კაცხის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

"კომპანიის დირექტორმა და დამფუძნებელმა ტარიელ ბ-მ არასრულყოფილად შეასრულა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების პირობები და მიღება-ჩაბარების აქტებში ყალბი მონაცემების შეტანით მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს", - აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
Print