პოლიტიკა
„ფეხმოტეხილ ადამიანს ყურადღება არ მიაქციეს“– ქუთაისში სამედიცინო პერსონალის დასჯას ითხოვენ
FaceBook

ქუთაისში მცხოვრები მერაბ კოღუაშვილი,  დედის, ელიკო კოღუაშვილის  გარდაცვალებაში  ზურაბ ცხაკაიას ინტერვენციული მედიცინის ცენტრის სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებს.



მისი თქმით,  პაციენტს, რომელიც კლინიკაში  ბარძაყის ყელის მოტეხილობით შეიყვანეს, ორი საათის განმავლობაში ყურადღება არ მიაქციეს. შემდეგ კი,  მხოლოდ რენტგენოგრამა გაუკეთდა. სხვა დამატებითი კვლევა  არ ჩატარებია. არ მომხდარა  კიდურის ფიქსაცია და  პაციენტისთის  რეკომენდაციაც კი არ დაუწერიათ.


შემთხვევა 2013 წელს მოხდა. მერაბ კოღუაშვილი მეექვსე წელია სამედიცინო პერსონალის ნაწილის, კერძოდ, ორთოპედის, გიორგი ღვინჯილიასა და მიმღები ექიმის, მარიკა ჩიხლაძის  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. მისივე თქმით, თუ პროკურატურა საქმეს გულდასმით შეისწვალის, სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება.

გარდაცვლილის შვილი ამბობს, რომ მთვარი მიზეზი, რის გამოც ექიმებმა დედამისის მიმართ უყურადღებობა გამოიჩინეს, ფულია.


„ორი საათი ფეხმოტეხილ ადამიანს არავინ მიაქცია ყურადღება. მორიგე ექიმი საერთოდ არ ჩამოსულა. შემდეგ, ისე, რომ არავითარი გამოკვლევა არ ჩატარებია, გარდა რენტგენისა,  გვითხრეს წაიყვანეთ სახლში და   10 დღეში მოიყანეთ, როცა მიკროფლორა აღდგებაო. დაგვაიმედეს, არაფერი საშიში არ არისო. სახლში მიყვანიდან მალევე დამძიმდა მდგომარეობა, გაუშავდა ფეხები,  დაკარგა გონება.  წავიყვანეთ ისევ საავადმყოფოში და უკვე გვიანი იყო.  მთავარი მიზეზი იყო ფული. ჩვენ გვქონდა დაზღვევა, მაგრამ გვითხრეს არ  ფინანსდება ეს ოპერაციაო. შემდეგ როგორც ჩვენ  გავიგეთ ეს ოპერაცია ფინანსდება, 15 000 ლარი არის ლიმიტი, მაგრამ ამათ ხელზე უნდოდათ ფულის აღება. ამდენი წელია ვიბრძვით და ჯერ შედეგი არ არის“,–ამბობს მერაბ კოღუშვილი.

80 წლის ელიკო  კოღუაშვილის საქმეს მეექვსე წელია პროკურატურა იძიებს. გამოძიება  116–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიკვდილს გულსიხმობს, თუმცა, მომხდარში სამედიცინო პერსონალის  ბრალეულობა ამ დრომდე არ გამოკვეთილა. ექიმებს მხოლოდ  წერილობითი გაფრთხილება მისცა რეგულირების სააგენტომ.  სააგენტოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა გარდაცვლილის ოჯახი და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, როგორც პირველი, ასევე, მეორე ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფლა და ძალაში დატოვა რეგულირების სააგენტოს  გადააწყვეტილება.


ელიკო კოღუაშვილის ოჯახის ადვოკატი, ივანე ლომიძე ამბობს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და მუხლის გადაკალიფიცირება უნდა მოხდეს.

„საქმე უნდა აღიძრას  130–ე მუხლით,  რაც გულისხმობს  მედიცინის მუშაკის მიერ საპატიო მიზეზის გარეშე პაციენტის დაუხმარებლობას. ექიმებმა არაფერი გაკეთეს იმისთვის, რომ ელიკო კოღუაშვილი  გადაერჩინათ და ფეხის მოტეხვით გარდაიცვალა ადამიანი. პროკურტურა  ხელს აფარებს  დამნაშავე პირებს“,–აცხადებს ივანე ლომიძე.

გარდაცვლილის ოჯახმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის ოფისსაც. მერაბ კოღუაშვილი სახალხო დამცელს მოუწოდებს მიმართოს პროკურატურას და მოითხოვოს გამონაკლისის სახით საქმის მასალებზე  წვდომა.

Print