პოლიტიკა
"თუკი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, უვადო შიმშილობას გამოვაცხადებთ" - მეშახტეების აქცია დროებით შეწყდა
FaceBook

ტყიბულში, საპროტესტო აქციის მონაწილეები დაიშალნენ.


 

გაფიცული მეშახტეები აცხადებენ, რომ ხელფასის მიღების მოთხოვნით აქციას 26 სექტემბერს, 11: 00 საათიდან განაახლებენ.

აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორის, ხვიჩა გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება მერიის წინ კარვებს გაშლიან და უვადო შიმშილობას გამოაცხადებენ.

"პრემიერ-მინისტრი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. თავად გახარიამ უნდა გაგვაცნოს, თუ რას გვიპირებენ", - ამბობს გაბუნიამ.

ტყიბულის მერიის შენობის წინ, აქციის დროებით დაშლის მიუხედავად, შახტში ჩასული 50 მეშახტე შიმშილობას კვლავ აგრძელებს.

ტყიბულში, 24 სექტემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განახლდა. გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ, რომელსაც შახტის 1000-მდე თანამშრომელი ელოდება. პროტესტის ნიშნად მეშახტების ნაწილი შახტში  ჩავიდა.


50-მა მეშახტემ შიმშილობა დაიწყო, ხოლო დანარჩენი  ტყიბულის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ იყო შეკრებილი.

კომპანია "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი 24 სექტემბერს შახტში გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა,  ერთსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შახტის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა გუშინვე პრემიერ-მინისტრს სამ პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს.

მიმართვის ტექსტში აქციის მინაწილეები გიორგი გახარიას შახტში დასაქმებულთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე აწვდიან ინფორმაციას და სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მეშახტეები მთავრობის მეთაურს მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ფორმების გამოყენების შესახებაც აფრთხილებენ.


კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.

კომპანია "საქნახშირის" გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ ტყიბულის შახტისა და დასაქმებულთა ხელფასების რეგულაციის საკითხის გადაწყვეტა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

"ხვალ არის სამთავრობო სხდომა, სადაც ხელფასების რეგულაციის საკითხი გადაწყდება. თუ ეს საკითხი გადაწყდა, პარასკევიდან დაიწყება ხელფასების გაცემა," - აცხადებს ჯაყელი.

Print