პოლიტიკა
"თუ საჭირო იქნება კარვებსაც ჩამოვიტანთ " - გაფიცულ მეშახტეებს ჭიათურელი მაღაროელებიც შეუერთდნენ
FaceBook

ტყიბულში მიმდინარე მეშახტეების აქციას ჭიათურელი მაღაროელებიც შეუერთდნენ.


"ვიცით, რა მდგომარეობაშიც ხართ, ჩვენ თითქმის ერთნაირი სამუშაო და ერთი გასაჭირი გვაქვს. ამიტომ,  ჩვენ ყველაზე მეტად ვიცით ძმობა და მეგობრობა. კარგად გახსოვთ ჩვენი გამოსვლები. მოსახლეობის ერთობამ შედეგი გამოიღო. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას ერთიანობისკენ. ჩვენი სოლიდარობა თქვენ. თუ საჭირო იქნება კარვებსაც ჩამოვიტანთ და აქ ვიქნებით თქვენთან ერთად",- განაცხადა გიორგი ნეფარიძემ, რომელიც ჭიათურის მაღაროში მუშაობს.

ტყიბულში საპროტესტო აქციას სოლიდარობის ნიშნად ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლებიც შეუერთდებიან.


ტყიბულში, 24 სექტემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განახლდა. გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ, რომელსაც შახტის 1000-მდე თანამშრომელი ელოდება. პროტესტის ნიშნად მეშახტების ნაწილი შახტში  ჩავიდა.


50-მა მეშახტემ შიმშილობა დაიწყო, ხოლო დანარჩენი  ტყიბულის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ იყო შეკრებილი.

კომპანია "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი 24 სექტემბერს შახტში გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა,  ერთსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შახტის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა გუშინვე პრემიერ-მინისტრს სამ პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს.

მიმართვის ტექსტში აქციის მინაწილეები გიორგი გახარიას შახტში დასაქმებულთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე აწვდიან ინფორმაციას და სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მეშახტეები მთავრობის მეთაურს მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ფორმების გამოყენების შესახებაც აფრთხილებენ.


კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.

კომპანია "საქნახშირის" გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ ტყიბულის შახტისა და დასაქმებულთა ხელფასების რეგულაციის საკითხის გადაწყვეტა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

"ხვალ არის სამთავრობო სხდომა, სადაც ხელფასების რეგულაციის საკითხი გადაწყდება. თუ ეს საკითხი გადაწყდა, პარასკევიდან დაიწყება ხელფასების გაცემა," - აცხადებს ჯაყელი.


ამავე თემაზე:

პროტესტის მეორე დღე ტყიბულში (ფოტო)

გაფიცული მეშახტეებისა და "საქნახშირის" წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მეშახტეების სამ პუნქტიანი მიმართვა და გაფრთხილება პრემიერ-მინისტრს

"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)
Print