პოლიტიკა
მეშახტეების სამ პუნქტიანი მიმართვა და გაფრთხილება პრემიერ-მინისტრს
FaceBook
ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა პრემიერ-მინისტრს სამ პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს.

მიმართვის ტექსტში აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას შახტში დასაქმებულთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე აწვდიან ინფორმაციას და სასწრაფო რეაგირებისჯენ მოუწოდებენ. მეშახტეები მთავრობის მეთაურს მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ფორმების გამოყენების შესახებაც აფრთხილებენ.

"15 სექტემბრამდე ჩვენ ველოდით აგვისტოს ხელფასის ჩარიცხვას, მაგრამ კომპანიის ადმინისტრაცია არ ახორციელებს არავითარ კომუნიკაციას დასაქმებულებთან და ჩვენთვის ბუნდოვანია ჩვენი შრომის ანაზღაურების პერსპექტივა. ასევე, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიმყოფებით ტყიბულის შახტების ამოქმედებასთან დაკავშირებით. აქ დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასი წარმოადგენს თვიდან თვემდე საარსებო წყაროს. ამასთან, თითოეულ ჩვენგანს გააჩნია საბანკო ვალდებულებები და ხელფასის დაგვიანებით ეს ვალდებულებები ჯარიმებითა და პირგასამტეხლოებით დაგვიმძიმდა. ამასთანავე, ხელფასების დაგვიანება დაემთხვა სასწავლო წლის დაწყებას, რის გამოც ვერ უზრუნველვყავით ჩვენი შვილების მომზადება სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის.

ტყიბული იმყოფება მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ზღვარზე და ზემოთაღნიშნული პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ, მოვლენათა რადიკალურ განვითარებას.

გთხოვთ, უახლოეს მომავალში უზრუნველყოთ ტყიბულის შახტების ამოქმედების საკითხის გადაწყვეტა, გასაჯაროვდეს ინფორმაცია შახტებში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ და დაგვეხმაროთ ჩვენი კუთვნილი ხელფასების მიღებაში," - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

აქციის მონაწილეები წერილს გაგზავნიან საქართველოს პარლამენტში და ეკონომიკის სამინისტროში.

გაფიცულები ამ დრომდე რჩებიან მერიის შენობის წინ. ისინი ადგილზე კომპანიის დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს ელოდებიან,რომელიც მათი ინფორმაციით თბილისიდან უკვე გამოემგზავრა.


ამავე თემაზე:
"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)

გაფიცულმა მეშატხეებმა, შესაძლოა, შიმშილობა დაიწყონ


Print