პოლიტიკა
სამეცნიერო პიკნიკზე კოლბა აფეთქდა - დაშავებულია ხუთი მოსწავლე
FaceBook

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მიმდინარე სამეცნიერო პიკნიკზე სკოლის მოსწავლეები  დაშავდნენ.



ადგილზე, სადაც 33-ე სკოლის სიმულაციის ცენტრი იყო მოწყობილი, ქიმიური ლაბორატორიის ცდის ჩატარების დროს კოლბა აფეთქდა, რის შედეგადაც ხუთმა მოსწავლემ მსუბუქი დაზიანება მიიღო. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, აფეთქების  ხმა ძლიერი იყო. #33-ე სკოლის პედაგოგის თქმით, ცდები წინასწარ ჩაატარეს და მსგავს შემთხვევას არ ელოდნენ.

,,როგორც ჩანს ტრანსპორტირების დროს გაჩნდა ბზარი და აირი დაგროვდა, სხვა მიზეზი შეუძლებელია იყოს, რადგან ყველაფერი  წინასწარ გამოცდილი გვქონდა," ' -ამბობს პედაგოგი.


დაშავებულებს ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება.  ექიმების განცხადებით, მოსწავლეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას  გულისხმობს.

ღონისძიება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ იყო ორგანიზებული,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით.

ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში მოეწყო. ღონისძიების მიზანს სამეცნიერო ფაკულტეტების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მისით დაინტერესება წარმოადგენს. ფესტივალის ფარგლებში, სამეცნიერო პიკნიკების გარდა, საქართველოს მასშტაბით, ეწყობა 300-მდე ღონისძება, მათ შორის, სამეცნიერო კონფერენციები, ვორქშოპები, სახალისო ვიქტორინები.

ფესტივალი ყოველწლიურად 16-დან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ხუთ ქალაქში ტარდება. ღონისძიების დახურვა წელს, 30 სექტემბერს, ზუგდიდში იგეგმება.

Print