პოლიტიკა
"ოთხი დღე დაგრჩათ ყველას" -"ტორპედოს" ფანკლუბის ულტიმატუმი ზაალ ჩაჩავას
FaceBook
ქუთაისი "ტორპედოს" ფანკლუბის წევრები გუნდის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ.

მათი თქმით, თუ 31 აგვისტომდე "ტორპედოში" დავალიანება არ გასწორდება, კლუბს 6 ქულას ჩამოაჭრიან. ამის შემდეგ ჩაჩავას ბოლო ვადად ორ კვირას მისცემენ და თუ ამ ორ კვირაშიც დავალიანება არ გასწორდება, "ტორპედოს" ოფიციალურად ეროვნული ლიგიდან გააგდებენ.

"ეს თუ მოხდა ძან ცუდი ამბები დატრიალდება, ბევრი რამ გადავყლაპეთ, მოვისმინეთ უამრავი ტყუილები, დაგვეშალა გუნდი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და იმათაც ორი თვეა კაპიკი არ აუღიათ. ოთხი დღე გაქვს ჩაჩავა, ზუსტად ოთხი დღე. შენთვისვე აჯობებს დღესვე გამოხვიდე ტელევიზიით და გააკეთო განცხადება, რომ მოგვშორდი, თორემ ამ გუნდის ლიგიდან გავარდნას არავინ გაპატიებს, რიკოთს აქეთ არ გამოგიშვებთ და სადაც არ უნდა იყო, მოგწვდებით", - აცხადებენ ფანკლუბის წევრები. 

ისინი, ასევე,  ფეხბურთის ფედერაციასა და მერიას მოუწოდებენ, ჩაჩავა დროულად ჩამოაშორონ "ტორპედოს".

"ყველა ერთად ხართ შეკრულები და ამის დანახვა ძან მარტივია. ეს გუნდი არ გავარდეს, თორემ საშინელი ამბები დატრიალდება, გპირდებით. ეს არაა მარტო ერთი ადამიანის სიტყვები, ეს მთელი ქალაქის სიტყვებია. ოთხი დღე დაგრჩათ ყველას, არ უშველით გუნდს და ისეთ ბანერებს გაგიკეთებთ, ლიგის თამაშებზე უეფადან ჯარიმა ჯარიმაზე მოგივათ, დედას გიტირებთ სუყველას. ჩვენ თუ არ ვიქენით, დასაკარგი აღარაფერი გვექნება და თქვენც გაგიყოლებთ", - წერია ფანკლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. 

ქუთაისის „ტორპედოს“ მფლობელს, ზაალ ჩაჩავას კლუბიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გასულ კვირას უნდა მიეღო. ის ჩინელი ინვესტორების პასუხს ელოდებოდა და ამის შემდეგ გადაწყდებოდა, დაუბრუნებდა თუ არა კლუბს ქუთაისის მერიას.

ზაალ ჩაჩავა, ისევე, როგორც "ტორპედოს" პრესსამსახურის წარმომადგენელი, ამ დრომდე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.  

ჩაჩავას კლუბიდან წასვლას „ტორპედოს“ გულშემატკივრები რამდენიმე თვეა ითხოვენ. მის წინააღმდეგ ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქციებიც იმართებოდა.

პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ ფეხბურთელებსაც, რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ. კლუბში არსებულ ფინანსურ პროლემებს ადასტურებდა კლუბის პრეზიდენტიც. მან პრობლემების მოგვარების პირობა რამდენჯერმე დადო. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა. ზაალ ჩაჩავა მთავარ იმედს ამ დრომდე ჩინელ ინევსტორთა ჯგუფზე ამყარებს, რომლებსაც მისი თქმით, კლუბში ინვესტიციის განხორციელება სურდათ, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ჰუალინგ ჯგუფმა“ კლუბში თანხის ჩადებაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზად ინვესტორების მოთხოვნა დასახელდა, რომლის მიხედვითაც, ისინი კლუბის ინვესტირების სანაცვლოდ ქუთაისში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთს ითხოვდნენ.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას ეს ინფორმაცია უარყო. ზაალ ჩაჩავა კი როგორც ჩანს ამ დრომდე ცდილობს ინვესტორებთან პრობლემების მოგვარებას.

ქუთაისის "ტორპედო" ზაალ ჩაჩავამ აუქციონზე 2017 წელს, 300 000 ლარად შეიძინა. მას ამ დრომდე არ აქვს საპრივატიზაციო თანხის ნაწილი გადახდილი, რაც საკმარისი საფუძველი იყო იმისთვის, რომ ქუთაისის მერიას მასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაეწყვიტა, თუმცა, ქალქის მერი, გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ ჩაჩავას პრობლემების მოსაგვარებლად დრო უნდა მიეცეს.


ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში - ნახეთ აქ:


Print