მულტიმედია
თექა - სამყაროს ყველა ფერი (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

მას შეუძლია იყოს ყველაფერი.

შეუძლია მიიღოს მრავალნაირი ფორმა.


აჩვენოს სამყაროს ყველა ფერი.


მისი  არსებობა დაიწყოს და არ დასრულდეს - ათასწლეულებს გადააბიჯოს.


მრავალგზის დააანონსონ მისი გარდაცვალება, მაგრამ ყოველ ჯერზე ახლიდან აღდგეს მკვდრეთით.


შეუძლია ყველაზე ყოფითი და პროზაული დანიშნულებიდან ამაღლდეს უმაღლეს ხელოვნებამდე. მოკვდავებთან და უკვდავებთან ერთნაირად დაიმკვიდროს თავი.


მოერგოს დროს და არ ჩანდეს ძველმოდური.


ეს უნივერსალური მასალა თექაა.  მისი თავდაპირველი სახე მატყლია.  მოთელვის შემდეგ იქცევა თექად. თექად რომელსაც  შეუძლია გახდეს, სამოსი: ქუდი, შარფი, პალტო, ჟილეტი, ფეხსაცმელი, ქამარი.  ან იყოს მხოლოდ ფონი, დეკორაცია, ნაკეთობის დეტალი. იყო ნაბადი, ტომარა, ხალიჩა, ცხენის აღკაზმულობა. გახდეს  ხელოვნების ნიმუში, მხატვრული ტილო. გააჩნია რას დაინახავს მასში ოსტატის თვალი.


ელისო ჩუბინიძე თექიდან მხატვრულ პანოებს ქმნის. მატყლის ფთილა მისი პალიტრაა, რომელიც მხატვრული ნააზრევის გამოსახვაში ეხმარება. თექით ისტორიებს ჰყვება, შალის  ფარტენას კონკრეტულ პერსონაჟებად აქცევს, ან აბსტრაქტულ ნახატებად, რომელსაც არა მხოლოდ თვალით, ხელითაც შეიგრძნობ.



ელისოს თექა  ყოფითი ნივთების დასამზადებლადაც გამოუყენებია. გააჩნია განწყობას, პერიოდს, მოთხოვნილებას.


ყველა ნივთი უმეტესად ხელით მზადდება, შესაბამისად, უნიკალურია და არ მეორდება. მაგალითად, ჩვეულებრივი თექის  შარფი სულაც აღარ არის ჩვეულებრივი. ისეთი განცდა უჩნდება ადამიანს, რომ ხელოვნების ნიმუშს ატარებს.


ლამაზ და ყოვლისშემძლე მასალას, ელისოს აზრით, თერაპიის უნარი აქვს.


„სიმშვიდე მოაქვს, მასთან ურთიერთობა ხასიათსაც სხვანაირს აყალიბებს“.



ელისო  ჩუბინიძის ნამუშევარი

მატყლის თელვის ორი წესი არსებობს - სველი და მშრალი. პირველი, ოსტატობასთან ერთად ფიზიკურ ძალასაც ითხოვს, მეორე  - მოთმინებას.


სველი წესით თექაზე მუშაობა ცელოფნის, 75%-იანი  სარეცხი საპნისა და სხვა მოწყობილობების ჩარევას საჭიროებს.


თექაზე  მშრალი წესით მუშაობისას ტილოს როლს სქელი ღრუბელი ასრულებს, საღებავის ფუნქციას - შალის ფთილა იღებს, ფუნჯად  - ნემსი ან ნემსები გვევლინება.





მუშაობის პროცესში ელისო თექის ისტორიასაც ჰყვება. ეს ტრადიცია ერთ-ერთი ყველაზე ძველია, თუმცა ამით მას მოქნილობა არ დაუკარგავს, ნაბდის, სვანური ქუდის ან ხალიჩის ტყვეობაში არ დარჩენილა.

თექის ოსტატებმა  ნაკეთობები დროს მოარგეს, შეცვალეს ორნამენტები.  თექას მათთვის „წინააღმდეგობა“ არ გაუწევია. იგი სხვა მასალებს შეერია, ან თავად მიიერთა, საკუთარ სხეულში მიიღო. ამით მოახერხა გამოევლო ათასწლეულები და გადარჩენილიყო.


დღეს ბევრი მიმდევარი და მომხმარებელი ჰყავს, რომელთა რაოდენობა სულ იზრდება. მატყლის დამუშავების ქართული ტრადიციებით შექმნილმა თექის ნაკეთობებმა  ბევრჯერ გადალახა საზღვარი და ბევრი უცხოელი ტურისტის ოჯახში დაიდო ბინა.


თექასთან მუშაობას ხელოვნების ფაკულტეტებზე ასწავლიან უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებში. ელისო ერთ -ერთი ლექტორია. ის თექაზე მუშაობას სტუდენტებს პროფესიულ დონეზე ასწავლის.



ელისოს ჩუბინიძის ნამუშევარი

ფთილის პალიტრად გამოყენება არავის უსწავლებია ხელოვან ნინო სვიმონიშვილსთვის, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ის ზედიზედ იმარჯვებს საჩხერეში გამართულ „ყველაზე გაამორჩეული ნაძვის ხის“ კონკურსში. მან გრან-პრი “ლამაზი და ორიგინალური ნაკეთობების” ნომინაციაში აიღო.  ნაძვის ხე, ყოველ ჯერზე თექის იყო.


ნინო სვიმონიშვილის  ხელნაკეთი ნივთების მაღალი ხარისხი გულგრილს არავის ტოვებს.


თავის დროზე ვერც თავად დარჩა გულგრილი ქარგვის, გობელენსა და თექაზე მუშაობის პროცესის მიმართ. საქმემ იმდენად მიიზიდა, რომ დახმარების გარეშე, საკუთარი ძალისხმევით შეისწავლა მუშაობა სხვადასხვა მასალაზე, მათ შორის თექაზეც.


სილამაზის შემჩნევის და მისი მსახურების უნარი მემკვიდრეობით ერგო. მამიდა ზაირა სვიმონიშვილი  მხატვარი გახლდათ. ამიტომ ბევრი რამ ოჯახის უფროსი წევრის საქმიანობაზე დაკვირვებით ისწავლა. მაგრამ რაიმე განსაკუთრებულის და განსხვავებულის, საკუთარი სტილის და სათქმელის  ძიების სურვილი შვილებმა გაუჩინეს.


თექიდან პირველი თოჯინა შვილს დაუმზადა.  შემდეგ ეს მის საყვარელ საქმიანობად იქცა.

 



ნინოს ბევრ ნაკეთობაში თექა ფიგურირებს. რადგან ყველაფერს უხდება და ყველაფერს ერწყმის. მის მიერ დამზადებული ნივთები სხვადასხვა ოჯახის ინტერიერს ალამაზებს და ბევრის ჩაცმის სტილს ხდის გამორჩეულს...
ნინო თექას ახასიათებს როგორც დიდი შესაძლებლობის მქონე მასალას, თითქმის თვითკმარს, რომელსაც ათას რამედ „გადაქცევა“ შეუძლია.

ამას ისე აკეთებს, რომ არ კარგავს ბუნებრიობას, რჩება ნამდვილ და ნატურალურ პროდუქტად ხელოვნური მასალების ეპოქაში. ხელოვნური და ზოგჯერ მავნე ნივთიერებებით გაჯერებულია სათამაშოები. თექის თოჯინები კი სრულიად უსაფრთხოა. ამიტომაც გაიტაცა მისმა შექმნამ. „ვინმე თექის სათამაშოების საწარმოს რომ შექმნიდეს სიამოვნებით შევასწავლიდი და დავეხმარებოდი მათ თოჯინების დამზადებაში“. ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოებით ვინმე დაინტერესდება, ნინომ გადაწყვიტა დაგროვებული ცოდნა შვილის კლასელებს გაუზიაროს. სურს, ეს ხელობა იმერეთში რაც შეიძლება მეტმა იცოდეს.

ელისოც ამიტომ მუშაობს სტუდენტებთან. ორივე ოსტატი ფიქრობს, რომ მომავალი თაობა კიდევ უფრო მეტს და განსხვავებულს დაინახავს მატყლის ფთილაში. ორივე დარწმუნებულია, რომ ქართული თექა ახალ ათასწლეულშიც ითამაშებს გამორჩეულ როლს, როგორც „ესთეტი“ და როგორც „თერაპევტი“.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი; თეკლე მორგოშია
Print