პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრი ქუთაისს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსის დაბრუნებას ულოცავს
FaceBook
" ქუთაისს უბრუნდება მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსი. ვულოცავ მას ამას. რეგიონში პირველი ელექტრომობილების მწარმოებლები ვიქნებით"

ეს განცხადება  ქუთაისში  მიმდინარე ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს პრეზენტაციაზე  ეკონომიკის მინისტრმა  ნათია თურნავამ გააკეთა. 

ელექტრომობილების საწარმოს პრეზენტაციის შემდეგ,  ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ელექტრონული მუსიკის კონცერტია დაგეგმილი. 

პრეზენტაციის პარალელურად კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები სცენის მოპირდაპირე მხარეს სიტყვებით გამოდიან და აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე კონცერტი არ უნდა ტარდებოდეს.


ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების პრეზენტაცია და კონცერტი 20 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო კონცერტი გადაიდო, პრეზენტაცია კი არ გაუქმებულა.

პრეზენტაციაზე დასასწრებად ქუთაისში პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ჩამოვიდა, იგი მეუფის პანაშვიდზეც იმყოფებოდა.

პარალელურად, 20 ივნისის დილიდან საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მისვლის გამო თბილისსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები დაიწყო.

პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერმა ქუთაისი დატოვა, ხოლო ორგანიზატორებმა  პრეზენტაციის 26 ივნისს გადადების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.


Print