პოლიტიკა
ქვეყნები, რომლებმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას მხარი დაუჭირა
FaceBook

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას მხარი 118 დელეგატმა დაუჭირა. 


მიღებული რეზოლუციით,ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსულ დელეგაციას მის შემადგენლობაში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.

 

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული.  დოკუმენტის სახელწოდებაა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება“. მისი ავტორი რეგლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი პეტრა დე სუტერია - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა  სრუილი შემადგენლობით რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. დოკუმენტის წინააღმდეგ, ასევე, ხმა მისცეს პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციების წევრთა უმრავლესობამ.

რეზოლუციას სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს საფრანგეთისა და იტალიის დელეგაციებმა, ასევე ავსტრიის, აზერბაიჯანის, კვიპროსის, ესპანეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სერბეთის, სან მარინოსა და თურქეთის მთელმა დელეგაციებმა.  

საბოლოო ჯამში, რეზოლუციის წინააღმდეგი 62 დელეგატი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა.

რუსეთის დაბრუნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მხარი დაუჭირა სომხეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჩეხეთის, მოლდოვის, რუმინეთის, დანიის გერმანიის, ნიდერლანდების, ფინეთის, ხორვატიის დელეგაციების წევრთა ნაწილმა.

რუსეთმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დაკარგა.

მედიის ინფორმაციით, რუსული დელეგაცია უკვე სტრასბურგშია. დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას უკვე დღეიდან მიიღებს.


 

Print