პოლიტიკა
"ჩამოიყვანონ თავიანთი შვილები და ასწავლონ ბაყაყებთან ერთად“ – გიგა შუშანია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა შუშანია მთავრობას ქუთაისელების მოტყუებაში ადანაშაულებს.
"კორპუსი 2019 წელს უნდა გახსნილიყო, ასევე უნდა აშენებულიყო 60 ათას სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური საცხოვრებელი, აქვე უნდა ყოფილიყო საცურაო აუზი, კორტები და სპორტული კომპლექსი. მმართველმა პარტიამ ამ დაპირების კორექტირება მოახდინა, აპირებენ რომ მხოლოდ სამ ლოკაციაზე ააშენონ კორპუსები, გვპირდებიან მხოლოდ 3 ათას სტუდენტს. ასევე, უნივერსიტეტის გახსნა 2020 წლისთვის გადაიდო. რაც ბუნებრივია, არჩევნებს უკავშირდება. გვპირდებოდნენ საპარლამენტო ქალაქის ნაცვლად, საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსის მინიჭებას. გუშინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომ თბილისსა და ბათუმს საუნივერსიტეტო ქალაქების სტატუსს მიენიჭებათ. ქუთაისთან მიმართებაში კი, მხოლოდ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე საუბრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქთან მიმართებაში გაქრა ტერმინოლოგია "საუნივერსიტეტო ქალაქი", - განაცხადა პრესკლუბ "მედიარუმში" გიგა შუშანიამ.

მან ასევე, გააპროტრეტესტა ის ფაქტი, რომ ტერიტორიაზე სადაც უნდა აშენდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჭაობს აღარ დააშრობენ.

"თურმე ამ ჭაობის დაშრობასაც არ აპირებენ, რადგან კლიმატზე და ჩენი შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ეს თუ ასეა, მაშინ მოვუწოდებ მათ, პირადად ბიძინა ივანიშვილს და მთავრობის სხვა წევრებს, ჩამოიყვანონ თავიანთი შვილები და ასწავლონ ბაყაყებთან ერთად", – განაცხადა გიგა შუშანიამ.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს. ის 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.











ავტორები: თიკო ჩაკვეტაძე, ლილე ბერიძე







Print