პოლიტიკა
"ეს არის კრიმინალური დასკვნა "-ევროპული საქართველო" აუდიტის ანგარიშზე
FaceBook
პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო " აუდიტის სამსახურის მიერ ქუთაისის მერიაში ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოქვეყნებულ დასკვნას კრიმინალურს უწოდებს. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ასეთი მძიმე დასკვნა ქუთაისის მერიაზე არც ერთ პერიოდში არ გაცემულა. მათი თქმით, ანგარიშში კონკრეტული დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

"ეს არის კრიმინალით სავსე დასკვნა, რაზეც რეაგირება უნდა მოახდინონ შესაბამისმა ორგანოებმა. ეს არის ის პერიოდი , როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო ხელისუფლებაში და სწორედ ეს ადამიანები ვინც მაშინ იყვნენ თვითმმართველობაში ჩადიოდნენ ამ დანაშაულებს. შესაბამისად, ეს არის ღარიბაშვილის "კამანდა"", - განაცხადა პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით გოგისვანიძემ. მისი თქმითქმით, მსგავი შეცდომების დაშვება დღესაც ხდება.  

აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მერიაში 2015-2016 წლების ფინანსური დოკუმენტების შესწავლის შედეგები 3 მარტს გამოაქვეყნა. დასკვნაში საუბარია სოციალური საცხოვრისის მოწყობისთვის შეუსაბამო თანხის ხარჯვასა და მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო გარიგებაზე.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მერიამ ფული გაფლანგა ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის დროს, როცა სამუშაოების შესრულება ზე ტენდერი არ გამოაცხადა და არხის მოწყობა მერიის ააიპ–ს დაავალა. ანგარიშში ასევე, საუბარია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გარე განათების ექსპლოატაციის დროს დაშვებულ შეცდომებზე.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მერია გასცემდა დაუსაბუთებელ დანამატებს და დიდ თანხებს ხარჯავდა მივლინებებისთვის.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ დასკვნაში მოყვანილ ფაქტებზე შეფასების გაკეთება გამოძიების კომპეტენციაა. 


Print