პოლიტიკა
"ოცნება კომისიის წევრებს ფულს ურიგებს" – ცესკოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ
FaceBook
ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამტკიცებ, რომ საარჩევნო კომისიის წევრები სააგიტაციო საქმიანობაში არიან ჩართულები.
გიგა შუშანიას თქმით, ცესკოს მიერ შერჩეული კომისიის წევრები ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პირდაპირ აგიტაციას ეწევიან და ამაში დამატებით ანაზღაურებას იღებენ.

"ოცნება კომისიის წევრებს ფულს ურიგებს. ისინი იწერენ ამომრჩეველთა პირად მონაცემებს და სალომე ზურაბიშვილის პირდაპირ აგიტაციას ეწევიან. ანუ, კომისიის წევრები, რომლებიც პროფესიული ნიშნით,  ნეიტრალური პოზიციით შეარჩია ცესკომ, მიკერძოებულია. ასევე, ეს ხალხი თავისი მოვალეობის გარდა, დამატებით იღებენ თანხას, რაც კანონდარღვევაა. თუ თამარ ჟვანია და სრულიად ცესკო არ არის სალომე ზურაბიშვილის ნოტარიუსი, აუცილებლად უნდა მოახდინონ ამ ფაქტზე რეგირება.  ასეთი კომისიის წევრები მათ კანონის ძალით სასწრაფოდ უნდა გაიწვიონ კომისიიდან," - აცხადებს გიგა შუშანია. 

შუშანიამ ფაქტის დადასტურების მიზნით"ქუთაისიპოსტს" აუდიოჩანაწერი მიაწოდა, სადაც "აქრთული ოცნების" კოორდინატორი ადასტურებს, რომ აგიტატორობისთვის დამატებითი ანაზღაურების გადასაცემად ცესკოს კომისიის წევრი ოფისში დაიბარა.

"ეს არის ვინმე ეკა, რომელიც ოცნებაშია დასაქმებული. მან დაურეკა ერთ-ერთ კმისიის წევრს და დაიბარა აგიტაციისთვის თანხის გადასაცემა. თუმცა ამ ადამიანმა ჩანაწერი ჩვენ გადმოგვცა. ამ  ჩანაწერის მიხედვით კომისიის წევრებს ე.წ. დამატებითი აგიტატორის ანაზღაურება  გუშინ  დაურიგეს," - აცხადებს შუშანია. 



"ქართული ოცნების" კოორდინატორ ეკასთან (გვარი ჩვენთვის უცნობია) დაკავშირება ჩვენც ვცადეთ, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოს კომისიის წევრების სააგიტაციო საქმიანობაში სავარაუდო ჩართვის ფაქტის შესახებ "ქუთაისიპოსტისგან" შეიტყო. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, თუმცა საკითხს შეისწავლიან

"ქუთაისიპოსტმა" ფაქტის შესახებ ინფორმაცია ცესკოს ცხელ ხაზსაც მიაწოდა.
Print