პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" - ქუთაისის ხელისუფლებას ქამრის ფუნქცია დაავიწყდა
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ინფრასტუქტურული პროექტების შეკვეცის ხარჯზე საბიუჯეტო ცვლილებებს აპროტესტებენ.
"იმ დროს, როცა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა ქუთაისის თვითმმართველობის დევიზად იქცა, როდესაც საბიუჯეტო შემცირება ინფრასტუქტურულ პროექტებს არ უნდა შეხებოდა, ქუთაისის თვითმმართველობამ საბიუჯეტო ცვლილებების ძირითადი ნაწილი იფრასტრუქტურული პროექტების შეკვეცის ხარჯზე მოხდინა," - განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.
ბრეგაძის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, 20 184 200 ლარით დაიგეგმა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში მკაფიოდ არის გაწერილი 2014 წლის ვალდებულებები, რომლის ჯამი 3 661,0 ათასი ლარით განისაზღვრა.
"ივლისის თვეში ქუთაისის საკრებულომ ცვლილებები განახორციელა და ინფრასტრუქტურული პროექტები 1 034 300 ლარით შეამცირა. ძირითადი შემცირება პროგრამა "კორპუსის" მნიშვნელოვან ნაწილს შეეხო, რომელიც ქუთაისში ყველაზე მოთხოვნადია. მოსახლეობის ასეულობით განცხადებას ადგილობრივმა ხელისუფლებამ თანხების უქონლობის მოტივით უარყოფითი პასუხი გასცა. ქუთაისის თვითმმართველობის მიერ უკვე ჩადენილი ქმედებას ჩვენ -24% დავარქვით," - აღნიშნა ბესიკ ბრეგაძემ.
"ნაციონალები აღნიშნავენ", რომ 2015 წელში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ფაქტიურად 4 695 000 ლარით შემცირდა.
"ეს ნიშნავს, რომ 2015 წელს 24%–ით ნაკლებ დაგებული გზებს, 24%–ით ნაკლებ ღვარსადენს, 24%–ით ნაკლებად გამწვანებულ და ნაკლებად განათებულ ქალაქს," - განაცხადეს "ნაციონალურ მოძრაობაში".
დეა მანაგაძე
Print