პოლიტიკა
ზაზა მეფარიშვილი - ღარიბაშვილს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით, დავბრუნებოდი პროფესიულ საქმიანობას
FaceBook
იმერეთის უკვე ყოფილმა გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა ბრიფინგზე
"_blank">თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერ მინისტრთან შემდგარი კონსულტაციების შემდეგ,  მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

" დასამალი არ არის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით დავბრუნებოდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ არსებულ ვითრებაში მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის დროული და ხელს შეუწყობს როგორც იმერეთის რეგიონის განვითარებას, ასევე მიმდინარე პროცესების ეფექტურ წარმართვას", - განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა. მან, ასევე,  შეაჯამა თავისი მუშაობა და აღნიშნა, რომ 2014 წლის შედეგების მიხედვით, იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაცია იყო ერთ-ერთი წარმატებული, ხოლო განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით  - საუკეთესო.
" თანამდებობა მარტო უფლებამოსილება და პირადი კომფორტი კი არ არის, არამედ, ეს პირველ რიგში პასუხისმგებლობაა, როგორც ხალხის, ასევე, საკუთარი თავის წინაშე", - აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა და მომავალ რწმუნებულს წარმატებები უსურვა.
იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას, პირველი ვიცე-გუბერნატორი, ალექსანდერე იოსებაშვილი შეასრულებს. დაუბრუნდება თუ არა მეფარიშვილი ძალოვან უწყებას ამბობს, რომ ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ზაზა მეფარიშვილი იმერეთის გუბერნატორად დანიშვნამდე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსართხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი გახლდათ.  
მეფარიშვილი გუბერნატორად 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა. 
თეკლე მორგოშია
Print