პოლიტიკა
"ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი" - გიორგი კვირიკაშვილი
FaceBook
"ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი და მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით. მივესალმები, რომ თბილისის მერი უკვე გამოეხმაურა ამ საკითხს და მისი დამოკიდებულებაც აბსოლუტურად ანალოგიურია. ასევე, მინდა, ზურაბ ალავიძეს ვთხოვო, რეგიონებში კიდევ ერთხელ ჩავატაროთ სამუშაო კამპანია, რათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიღების პროცესში არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იყოს დაშვებული.

ეს, რა თქმა უნდა, რაც ეხება მომავალში პრევენციას, მაგრამ, აუცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, ან თუ გნებავთ აღრიცხვა ამ მიმართულებით. განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს და, რა თქმა უნდა, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს", - ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 21 ადამიანი, რომლებიც დროულად იქნენ გადაყვანილი კლინიკაში.

საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
შეგახსენებთ, რომ მზგავსი ფაქტი ქობულეთში 2015 წლის 10 მაისს დაფიქსირდა, სასტუმრო "არმაზი" დაიწვა, რასაც სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Print