პოლიტიკა
„ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდება“-გიორგი ჭიღვარიას პირველი სამუშაო დღე
FaceBook
ქუთაისის ახლადარჩეული მერი, გიორგი ჭიღვარია მუშაობას შეუდგა.
პირველ სამუშაო დღეს,  მას ქუთაისის მერიაში,  ყოფილი მერი, შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.

გიორგი ჭიღვარიას თქმით, ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდება. კონკურსის გზით შეირჩევიან სამსახურის უფროსებიც.

რაც შეეხება ვიცე-მერებს, მისი თქმით, მათი ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ჭიღვარიამ მერიის მუშაობაც შეაფასა და განაცხადა, რომ ახალი გუნდის სურვილია უკეთესად იმუშაონ.

"მერია კარგად მუშაობდა, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მობილური იყოს ის სამსახურები,  რომლებიც ხალხს ემსხურებიან",- განაცხადა ჭიღვარიამ. 

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი, გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერად 2017 წლის 12 ნოემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. მან პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% მიიღო, ხოლო მისმა კონკურნეტმა "ნაციონალური მოძრაობიდან, გრიგოლ ვაშაძემ -27.04 %.

მეორე ტურში კი, სადაც ქუთაისში რეგისტრირებული 152 561 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მხოლოდ 17.98 % მივიდა, გიორგი ჭიღვარიამ 87.55%-იანი მხარდაჭერა მიიღო. გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 12.45% დააგროვა.

არჩევნების მეორე ტური, ქუთაისთან ერთად 5 თვითმმართველ თემში ჩატარდა.

გიორგი ჭიღვარია მერის პოსტზე არჩევამდე იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იყო.

Print