პოლიტიკა
"მერია კარგად მუშაობდა, მაგრამ ჩვენ გვინდა უკეთესად ვიმუშაოთ", – გიორგი ჭიღვარია
FaceBook
ქუთაისის მერი  გიორგი ჭიღვარია დღეიდან, მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. პირველ სამუშაო დღეს  მერიაში მას ქუთაისის ყოფილი მერი, შოთა მურღულია დახვდა, რომელმაც ახალ მერს მერიის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

გიორგი ჭიღვარია პირველ სართულზე განთავსებულ მომსახურების ბუროს თანამშრომლებს მიესალმა, მოგვიანებით კი მერიის თეთრ დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"მერია კარგად მუშაობდა, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო უკეთესად ვიმუშაოთ", – განმარტა  ქალაქის მერმა. 

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი, გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერად 2017 წლის 12 ნოემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. მან პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% მიიღო, ხოლო მისმა კონკურნეტმა "ნაციონალური მოძრაობიდან, გრიგოლ ვაშაძემ -27.04 %.

მეორე ტურში კი, სადაც ქუთაისში რეგისტრირებული 152 561 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მხოლოდ 17.98 % მივიდა, გიორგი ჭიღვარიამ 87.55%-იანი მხარდაჭერა მიიღო. გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 12.45% დააგროვა.

არჩევნების მეორე ტური, ქუთაისთან ერთად 5 თვითმმართველ თემში ჩატარდა.

გიორგი ჭიღვარია მერის პოსტზე არჩევამდე იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იყო.


Print