პოლიტიკა
"ალბათ, დავიმსახურე“ - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ნიკა ლატარია აირჩიეს
FaceBook
ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით ნიკოლოზ ლატარია აირჩიეს.
კენჭისყრას არ დასწრებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, რომლებმაც განაცხადეს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტოტალური გაყალბების და დაშინების ფონზე ჩატარდა, რის გამოც, ისინი საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევის პროდეცურებს ბოიკოტს უცხადებენ.

ნიკა ლატარიას თქმით, ის მმართველმა გუნდმა ახალი მოწვევის საკრებულოში წარდგენით კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა.

"ალბათ, დავიმსახურე მათი ნდობა და დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ეფექტურად უნდა ვემსახურო ამ ქალაქს. ჩვენ ვპირდებით ქუთაისელებს, რომ ჩვენი ქალაქის მომავალი იქნება უკეთესი",  -განაცხადა ნიკა ლატარიამ. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტი პასუხისმგებლობისგან გაქცევას ნიშნავდა.

"ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას. ვერ მივიღებთ იმას, რომ ეს არჩევნები ჩატარდა უსამართლო გარემოში. პირიქით, ყველაზე მშვიდი არჩევნები იყო",- განმარტა ლატარიამ.

რაც შეეხება მოადგილეებს, ეს თანამდებობებიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს,  ირაკლი შენგელიას და რამაზ ჩხიკვაძეს ერგოთ. 

ქუთაისის საკრებულო 25 წევრისგან შედგება. აქედან, 9 "ქართული ოცნების" პარტიული სიის, 10 კი მაჟორიტარი დეპუტატია.

"ნაციონალურ მოძრაობას" საკანონმდებლო ორგანოში 4 წარმომადგენელი ჰყავს, "ევროპულ საქართველოს" - 2 დეპუტატი.

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრეუბლოს 25 დეპუტატიდან 4 ქალია.
Print