პოლიტიკა
"საქართველოში აღარ იქნება ავტორიტარული მმართველობა"- ირაკლი კობახიძე
FaceBook
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომ გარკვეული სპეკულაციები იყო პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით.
რის გამოც, მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა გადაევადებინა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი.

"პირველად შედის ისეთი ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც არათუ შეესაბამება ჩვენს სუბიექტურ ინტერესებს, არამედ პირიქით, არის ამ სუბიექტური ინტერესების საწინააღმდეგო რეგულაციები: იცვლება საარჩევნო სისტემა ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ, ძლიერდება ოპოზიციის უფლებები, არის უამრავი ცვლილება, რომელიც ზღუდავს მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებს და ეს კეთდება იმისათვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული სისტემა. ცვლილებების პოზიტიური მხარე თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ მოქმედი კონსტიტუცია და ახალი ტექსტი და ნახავთ, რომ არ არის არც ერთი მუხლი, რომლითაც მმართველი პარტია იუმჯობესებს საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს, " - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ცვლილებების მთავარი შედეგი იქნება ის, რომ საქართველოში აღარ იქნება ავტორიტარული მმართველობა.

"ნებისმიერი კონსტიტუციის მთავარი ამოცანა არის ავტორიტარიზმის გამორიცხვა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს გასული წლებიდან, თუ სადამდე მიგვიყვანა გაუმართავმა კონსტიტუციებმა, ეს იყო ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმები, რომლის საფუძველი და მთავარი საყრდენი, სამწუხაროდ, კონსტიტუციები იყო. ჩვენ გამოვიარეთ ქვეყნის ძირითადი კანონის სამი სხვადასხვა რედაქცია და, სამწუხაროდ, ამ რედაქციებმა უზრუნველყო საქართველოში ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული მმართველობის რეჟიმების ჩამოყალიბება. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ამის გამორიცხვა იყო და ვეფუძნებოდით იმ რწმენას, რომ ამის გამორიცხვა ყველაზე მეტად სწორედ საპარლამენტო მმართველობის სისტემას შეეძლო. ჩვენ გამოვიარეთ საპრეზიდენტო და ნახევრად-საპრეზიდენტო მოდელები და ერთადერთი, რომელიც ბოლომდე არ გამოგვიცდია არის სწორედ საპარლამენტო მმართველობა. ეს არის ყველაზე ევროპული ტიპის მმართველობის სისტემა. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდოდა შეგვენარჩუნებინა არსებული საპარლამენტო სისტემა და კიდევ უფრო მეტად დაგვეხვეწა ის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Print