პოლიტიკა
რაში იხარჯება თანხები ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან
FaceBook
ქუთაისის მერის 300 000 ლარიანი სარეზერვო ფონდიდან მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე 166 323 ლარია ათვისებული. თანხების დიდი ნაწილი მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების სახით გაიცა.
სარეზერვო ფონდიდან ამხანაგობებისთვის თანხის გამოყოფა წელს სულ სამჯერ მოხდა. აღნიშნული ფონდიდან, ამხანაგობები ბინებში ავარიული და საშიში მდგომარეობის გამოსწორების მიზნით დაფინანსდნენ.
KutaisiPost

ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ 8 მოქალაქეს მერის განკარგულებით 1950 ლარი გადაეცა, ხოლო გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე მატერიალური დახმარება 4-ჯერ გაიცა, რაზეც საერთო ჯამში 10 000 ლარის ოდენობის თანხა დაიხარჯა.
ასევე, მიმდინარე წელს ქუთაისის მერმა საკუთარი ფონდიდან უზრუნველყო ლეიკემიით დაავადებული 10 ბავშვის ფინანსური მხარდაჭერა, რაზეც 3000 ლარი დაიხარჯა.
სარეზერვო ფონდიდანვე მოხდა ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელის დაკრძალვისთვის საჭირო თანხების გაღებაც, რამაც 2000 ლარი შეადგინა.
ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა საერთაშორისო ფესტივალში თეატრალური დასის "მარჯანიშვილელებისა" და ქუთაისელი მოსწავლეების მონაწილეობაც. ადგილობრივ ბიუჯეტს, ქალაქ სიდეში გამართულ ფესტივალში 52 მოსწავლის გამგზავრება 20 000 ლარი დაუჯდა.
მერის სარეზერვო ფონდის დებულების მიხედვით, მერი უფლებამოსილია საკუთარი სარეზერვო ფონდიდან გადაუდებელი შემთხვევების დროს თანხა გამოყოს. გადაუდებელ შემთხვევებში კი სტიქიისგან გამოწვეული ზარალი, შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი იგულისხმება.
მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების არაპირდაპირ ხარჯვას ადგილობრივ ოპოზიციურ წრეებში აკრიტიკებენ. ქუთაისის საკრებულოს "ლეიბორისტი" დეპუტატი, სამსინ გუგავა განმარტავს, რომ მოქმედი ხელისუფლება ყოფილის დამკვიდრებულ ტრადიციას აგრძელებს.
"მთავრობა სრულად აგრძელებს იმ ტენდენციებს, რასაც წლების მანძილზე "ნაციონალური მოძრაობა" ამკვიდრებდა, რამაც საერთო შედეგზეც ჰპოვა ასახვა. შედეგად მივიღეთ უიმედო და გაღატაკებული საზოგადოება," - ამბობს სამსონ გუგავა.
დეპუტატი განმარტებით ნაცვლად იმისა, რომ მერმა სარეზერვო ფონდიდან თანხების ისეთ საკითხებზე გასცეს, რაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია, უმჯობესია თანხები თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძენად მიმართოს,"რაც იმთავითვე დაასამქებდა უმუშევარებს და აგრეთვე, შექმნიდა ადგილობრივ შემოსავლებს ბიუჯეტში. ამ ფორმით საკითხის დაუნახაობა ადგილობრივი და თუნდაც, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დანაშაულია," - განამრტავს ქუთაისის საკრებულოს "ლეიბორისტი" დეპუტატი, სამსონ გუგავა.

დეა მანაგაძე
Print