კულტურა
„უბედურება“ - კარნავალი სასაფლაოზე
FaceBook
როდესაც სპექტაკლს არც მეტი არც ნაკლები "უბედურება" ქვია, აქ კონკრეტულ წინასწარგანწყობას, ალბათ, ვერ გადარჩები. თანაც არც თუ ოპტიმისტურს.

განსაკუთრებით იმ ავტორის პიესის წარმოდგენისას, რომლისგანაც კათარზისს პრაქტიკულად არ უნდა ელოდე. მისი პიესები უგმირო ტრაგედიების ველია.

რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ მესხიშვილის თეატრში მისი მუშაობის 11 წლის თავზე, ერთგვარ შემაჯამებელ სპექტაკლად დავით კლდიაშვილის პიესა "უბედურება" წარმოადგინა. მოყვა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ამბავი სოფლისა, სადაც ადამიანების გონება და მათი გადაწყვეტილებები სიღარიბის, უკიდურესი გაჭირვების, გაუნათებლობის გამო, მთლიანად სიბნელეს მოუცავს.

სიხარულიძე კლდიაშვილის სათქმელის ერთგული რჩება, გვიჩვენებს როგორი ცუდია ცრურწმენებით ნაკვები რწმენა, თუ რა მოაქვს ირაციონალურ წარმოდგენებზე დაფუძნებულ შიშებს, რომელსაც ადამიანი სისასტიკემდე მიყავს. სპექტაკლის ავტორი წუხს ამ პრობლემების გამო და მიაჩნია, რომ ეს სიბნელე ჯერ კიდევ ძალაშია, ამიტომ სცენიდან მოგვიწოდებს რომ ცვლილებების დროა.

სპექტაკლში მოქმედება სასაფლაოზე ხდება, უბედურების ავთენტურ ადგილზე. სადაც, ყველა სიმბოლო სიკვდილის არსებობას გახსენებს. მაგრამ სპექტაკლში სასაფლაოზე აღდგომა დღეს ვხვდებით. ქართველთა ყველაზე წინააღმდეგობრივ და ამბივალენტურ დღესასწაულზე. სადაც სიცოცხლის დღესასწაული სიკვდილის გარემოში იზეიმება და ეს ტრადიცია ვერაფერმა შეარყია.

შეიძლება იმიტომ რომ ქართველთა რწმენით აღდგომა დღეს სიკვდილის საუფლოში სიცოცხლე იჭრება და სიკვდილის მიმართ მოწიწება ქრება. უფრო მეტიც - შესაძლებელი ხდება სიკვდილზე „შურისძიება“. და სად უნდა განხორციელდეს ეს „შურისძიება“? რა თქმა უნდა, სასაფლაოზე. აღდგომა დღეს სიცოცხლე ზურგს გიმაგრებს, იგი მთელი სიცხადით შენი მოკავშირეა და ქართველებიც მიმართავენ ამ "შურისძიებას" გონებისდაკარგვამდე ქეიფით, სიგიჟით, დროსტარებით...

სწორედ ამ "შურისძიებით" და სიკვდილის ნაცვლად სიცოცხლეზე აქცენტირებით გამოირჩევა სიხარულიძის სპექტაკლი.

მაყურებელი, რომელიც ელოდება რომ უბედურებას გლოვითა და ნეგატივით მიიღებს, მას იგი სხვა სახით "ატყდება თავს" - მხიარულებით, ზეიმურობით, თამაშით, ხმაურით, თეატრალიზებით. 
თუმცა, ეს ზეიმი გაცილებით ავისმომასწავებელია, გაცილებით საშიში. ეს ტკივილამდე მისული დღესასწაულია და სასოწარკვეთის ზეიმურობა, რომელიც უბედურების ნიშნებს შეიცავს და წინასწარმეტყველებს. ეს ზეიმი დროებითია, ისე როგორც "წარმართი ქართველისთვის" აღდგომა გრძელდება მხოლოდ ერთი დღე.

მაგრამ სწორედ ეს დროებითი და წუთიერი შეიძლება გახდეს ყველაზე შთამბეჭდავი, სავსე და სრულყოფილი.

სიხარულიძე ქართულ ფოლკლორს - ცეკვას და მუსიკას, აქტიურად მიმართავს სპექტაკლში. რადგან, ქართულ ფოლკლორსაც გააჩნია ეს ამბივალენტურობა - ტკივილი და სიხარული, ბედნიერება და უბედურება, სიცოცხლე და სიკვდილი, და მათი ჭიდილის ჩვენება.

სიხარულიძე ამ მუსიკას სცენაზე წარმოდგენილ ქაოსს უდებს ფონად, ქაოსს, რომელიც ამ აპოკალიპტურ სივრცეში ბუნებრივი მდგომარეობაა. იგი არაბუნებრივი ხდება მაშინ, როდესაც რეჟისორი ქაოსის მოწესრიგებას ცდილობს და დიდად ჭკვიანურ, დამაფიქრებელ მესიჯებს გზავნის სცენიდან. ამ სცენებში "კარნავალი" წყდება და "სერიოზულობა" იკავებს ადგილს. სპექტაკლში, სადაც სიცოცხლე იმარჯვებდა თავისი არასერიოზულობით, ქარაფშუტობით, შემოდის სიკვდილი ჭკუისდამრიგებლური პათოსით. მაგრამ დიდხანს ვერც ის იკიდებს ფეხს. კარნავალურობა ქართულ ხასიათში, ქართულ მუსიკაში და ბოლოსდაბოლოს თეატრში თავისას შვება. მიუხედავად არათანაბარი რეჟისურისა, ჩავარდნილი სცენებისა, გაუგებარი და არასაჭირო სიმბოლოებისა, რომელიც წინასწორობას უკავრგავს და საერთო სტილიდან აგდებს სპექტაკლს, ამნევს მაყურებელს, "უბედურება"გვიყვება, უფრო ზუსტად, მიგვითითებს მნიშვნელოვან ამბავზე - სიცოცხლის სიყვარულზე. სიხარულიძე, რომელიც ასრულებს თავის მუშაობას მესხიშვილის თეატრში, მთელი მისი „დიდაქტიკის“მიუხედავად, სინამდვილეში  ამ მესიჯით გვემშვიდობება - სიცოცხლე მშვენიერია.

მართალია, "უბედურების" პერსონაჟები (და ზოგადად ჩვენი თანამემამულენი) შეიძლება ბნელებია, უვიცები, გაუტანლები, არასაიმედონი. შეგპირდება - არშევასრულებ, გაგიჭირდება - გვერდში არ დაგიდგება, მაგრამ მათ მაინც ყოველთვის ეზეიმებათ, სულისგაძრობამდე, ბოლოწუთამდე ეზეიმებათ და უყვართ, უყვართ სიცოცხლე.
ქართველი გლოვიდან დადგამს სპექტაკლს, იმხიარულებს იცხოვრებს სიბნელეში, მაგრამ მაინც ეყვარება სინათლე.
ტრაგედიას - ფარსად აქცევს, რეალობას - მისტიკად. მაგრამ არასდროს იტყვის უარს სიცოცხლის ამ კარნავალზე, თანაც სწორედ აპოკალიფსის ჟამს. 

ამიტომაც საქართველოში ყოველთვის აღდგომაა - სასაფლაოზე გამართული ზეიმი.

Print