კულტურა
"კარგი იქნებოდა, დასის მიერ არჩეული კანდიდატი ყოფილიყო სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე"
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგენაზე, მინისტრის მიერ შერჩეული კანდიდატურით უკმაყოფილება გამოთქვა თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა. ინგა კაკიაშვილმა მიხეილ გიორგაძეს,  რომელიც შეხვედრას ესწრებოდა,  უთხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ პოსტზე არა კოტე აბაშიძეს, არამედ,  თეატრის მიერ არჩეულ მსახიობს, ენდი ძიძავას შეარჩევდა.

"კარგი იქნებოდა,  დასის უმრავლესობის მიერ არჩეული კანდიდატი ყოფილიყო ამ პოსტზე, მაგრამ რაც არის არის. ამ მილოცვებს კი აჯობებდა თეატრის განვითარების 4 წლიანი გეგმა წარმოედგინა ბატონ კოტეს. ვისმენთ თქვენს დაპირებებს წლიდან წლამდე და არ გვინდა, რომ კვლავ ფუჭი იმედები მოგვცეთ",-განაცხადა ინგა კაკიაშვილმა სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგენაზე.

კულტურის მინსტრმა, მიხეილ გიორგაძემ  მსახიობის შენიშვნა არ გაიზიარა და განაცხადა, რომ  კანონის მიხედვით კანდიდატურის შერჩევა სამინისტროში, კონკურსის საფუძველზე ხდება და თუ მსახიობებს ასეთი არჩევანის გაკეთება უნდათ, მაშინ კანონმდებლობაა შესაცვლელი.

კოტე აბაშიძისთვის მისივე დასის მსახიობის პრეტენზია მოულოდნელი არ იყო, თუმცა, მისი თქმით, იგი არ იყო ვალდებული დასს შეხვედროდა და წინასწარ გაეცნო თეატრის განვითარების 4 წლიანი გეგმა. 

"ვიცი, რომ არსებობს გარკვეული წყენა, რადგან მე თავიდანვე არ ვთქვი, რომ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას. მე მაშინ ვიქნებოდი ვალდებული დასისთვის გამეცნო ჩემი პროგრამა, თუ თეატრის შიდა არჩევნებში მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ მე  განაცხადი შევიტანე სამინისტროში, პირდაპირ კონკურსში და ვთვლი, რომ მე ვიყავი უკონკურენტო არსებულ კანდიდატებს შორის", - განაცხადა კოტე აბაშიძემ. 



Print