კულტურა
„არ გამკვირვებია“ - თორნიკე მარჯანიშვილი მესხიშვილის თეატრის მიერ ენდი ძიძავას კანდიდატურის შერჩევაზე
FaceBook
რეჟისორისა და ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის, თორნიკე მარჯანიშვილისთვის, მესხიშვილის თეატრის მიერ სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატად ენდი ძიძავას შერჩევა მოულოდნელი არ  ყოფილა.
მისი თქმით, ენდი ძიძავა მისგან განსხვავებით დიდ დროს ატარებს თეატრში, რეპეტიციობს მსახიობებთან და გუნდის მიერ მისთვის გამოცხადებული მახრდაჭერა ბუნებრივია.

ამასთანავე, თორნიკე მარჯანიშვილი მიიჩნევს, რომ რადგან ენდი ძიძავა მსახიობია და სარეჟისორო გამოცდილება არ აქვს, თეატრში, ალბათ, მთავარი რეჟისორის შტატის შექმნა იქნება საჭირო.

"სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია. რადგან არ ვარ აქტიური იმდენად თეატრში, უფრო აქეთ ვარ გადმორთული ოპერაში. ენდი კი ძირითადად იქ არის, რეპეტიციებზეა მსახიობებთან, ამიტომ ბუნებრივი იყო მისთვის მხარდაჭერა. რადგან ენდი მსახიობია, რეჟისურასთან დასჭირდება კომუნიკაცია და სხვა პიროვნებაც იქნება ალბათ საჭირო, რომელიც უფრო შემოქმედებით პოლიტიკას განსაზღვრავს. როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელი არ არის რეჟისორი, ამ დროს, ალბათ, მთავარი რეჟისორის შტატი უნდა დაეშვას", - ამბობს თორნიკე მარჯანიშვილი.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრმა სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე, კანდიდატად, მსახიობი ენდი ძიძავა შეარჩია. შერჩეული კანდიდატი დასამტკიცებლად კულტურის სამინისტროს წარედგინება. თორნიკე მარჯანიშვილი კი, რომელსაც თეატრმა უარი უთხრა, ბრძოლას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით გააგრძელებს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, პროფესიული სახელმწიფო  თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში დოკუმენტაციის მიღების ვადა მიმდინარე წლის 14 აგვისტოს იწურება.


Print