კულტურა
მამხილებელი სპექტაკლი თვითცენზურით
FaceBook
მესხიშვილის თეატრში ნიკოლაი გოგოლის საკულტო პიესა "რევიზორის" პრემიერა გაიმართა. პიესის, რომლის დადგმაც ყველაზე ხშირად ხორციელდება გოგოლის სამშობლოში. 

შეიძლება იმიტომ, რომ გოგოლის სათქმელი ყველა ეპოქას ერგება (განსაკუთრებით, მის სამშობლოში) და ვერც ერთმა საზოგადოებამ ვერ აიცილა რევიზიის საჭიროება. "რევიზორის" საურონივით ყოვლისმხილველმა თვალმა ყველა დროში შეაღწია და აღმოაჩინა ერთი და იგივე პრობლემა - საზოგადოებები, რომელთაც არსებობის უფლება არა აქვთ.

ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს რეჟისორი გიორგი სიხარულიძე სპექტაკლზე საუბრისას. იმასაც აღნიშნავს, რომ საზოგადოების რიგი მანკიერებების სიმბოლოდ სპექტაკლში ახალი პერსონაჟი - გოჭი - შემოიყვანა. გოჭი, რომელიც გოროდნიჩიზე, მოსამართლეზე, საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველზე, ფოსტმეისტერზე, ქალაქის საპატიო მოქალაქეებზე მეტად, სიმპათიური და ეთიკურია.

და გოჭი, ამ პატივცემულ გვამებზე აღმატებული იმიტომაც გამხდარა, რომ ამ საზოგადოებამ გარკვეული ღირებულებები ცხოვრების თამაშს გამოთიშა.
ეს თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ღირებულება სპექტაკლის ერთი პერსონაჟი გოგონას სახით ჩნდება, რომელიც ბორბლიან სავარძელში ზის. ის სპექტაკლში სრულიად უფუნქციო და ზედმეტია, მისი ადგილი სცენაზე არ არის და ეს უადგილობა ბუნებრივად ეწერება სათქმელში. გოგონა გარკვეულ სიწმინდეს და სიმართლეს განასახიერებს, რომელიც არავის ჭირდება, მისი ადგილი არც სპექტაკლშია, არც საზოგადოებაში და თუნდაც არც პიედისტალზე. თუკი ადრე სიწმინდე გამოუყენებელი იყო, თუმცა ცივ კვარცხლბეკზე მაინც ტოვებდნენ, ახლა პიედისტალიდანაც ჩამოსვეს, რადგან ისე დასუსტებულა სიყალბეებით, ბორბლიან სავარძელს თუ შეეფარება.

შეფარვა-დაფარვის ტენდენცია გასდევს მთელ სპექტაკლს, პერსონაჟები იმალებიან - ნიღაბზე ნიღაბს ირგებენ, სიცრუეს სიცრუით ძლევენ, სიყალბეს სიყალბით ამართლებენ და ასე დაუსრულებლად.

მოკლედ, რეჟისორი მამხილებელ სპექტაკლს დგამს, სადაც მხილება/კრიტიკის ქვეშ ჩვენი თანამედროვე საზოგადოების, მეტ- ნაკლები ძალაუფლების მქონე საერო თუ სასულიერო ყველა ფენა მოიაზრება.

ჰოდა, სპექტაკლს ამ მრავალმხრივ მანკიერებებში მხილებულ საზოგადოებაზე მუსიკალურ ფონად საგალობლები გასდევს, რომელიც სიუჟეტთან კონტრასტში ბადებს დიდ ირონიას. საგალობელი ვერ აკეთილშობილებს სიტუაციას, იგი თავად იქცევა მუსიკალურ ნიღბად, რომელსაც ეფარება ეს საზოგადოება. საუნდთრეკი ამძაფრებს და ხაზს უსვამს იმ უმაღლეს ნიშნულს, სადამდეც მიუღწევია ფარისევლობას.

თუმცა, რუსულ-ბერძნული საგალობლები უცხოა ჩვენი ყურისთვის, შესამამისად, უცხო მუსიკამ ქართულ საზოგადოებასთან იდენტიფიცირება ნაკლებად მოახდინა და თუ "რევიზორის" მიზანი მხილებაა, მაშინ მხილების ვექტორი სხვა მიმართულებით წავიდა, სხვა საზოგადოებებისკენ. ავტორებმა თითქოს არ გაიმეტეს ქართული საგალობელი, რაც უფრო მტკივნეულად შეგვეხებოდა და სათქმელს ცხადს და პირდაპირს გახდიდა. ეს არგამეტება ნახევრადთქმას დაემსგავსა, რითაც სპექტაკლის ავტორების კრიტიკული პათოსი მკვეთრად შერბილდა.

სათქმელი შერბილდა იგავის ჟანრითაც, გოგოლისეული კომედია სიხარულიძისეულმა იგავმა შეცვალა, რამაც სათქმელი ცოტა გააბუნდოვნა. სპექტაკლში შემოგვთავაზეს ბევრი სიმბოლო, მეტაფორა, რებუსი, მართალია, საკმაოდ მარტივი შიფრით, მაყურებელს დიდხანს რომ არ ემტვრია თავი, თუმცა ამ მინიმალურმა თავისმტვრევამაც გაანელა მხილების გრადუსი. გარკვეული ბარიერი გააჩინა. ბარიერმა კი შეანელა სპექტაკლის ზემოქმედების ძალა.

სპექტაკლი, რომელსაც ქონდა იმის დიდი რესურსი "გაებრაზებინა" საზოგადოება, რომ მას რაღაც ტკენოდა, რაღაცას შეეშფოთებინა - ყველამ ტაშისკვრით მიიღო. არადა, ვინმე გაბრაზებული თუ დატოვებდა დარბაზს, ეს იქნებოდა, ალბათ, მთავარი აპლოდისმენტი. ავტორებმა გარკვეულ თვითცენზურას მიმართეს და ბოლომდე "არ გაიმეტეს" პუბლიკა.

სამაგიეროდ, გაიმეტეს საკუთარი თავი სერიოზულობისთვის. ავტორები ამხელენ მეტისმეტად სერიოზულად, ნაკლები თვითირონიით. მეტისმეტი სერიოზულობა ჩვენს ეპოქაში ძალიან არასერიოზულია.

Print