კულტურა
„გამორჩეული“ თეატრალური ფესტივალი - სიახლეებითა და ჩამორჩენილობით
FaceBook
ფესტივალს "თეატრალური იმერეთი -2016 "-ს გამორჩეულის კვალიფიკაცია მიეცა. ეს სტატუსი მისი მონაწილეების მრავალფეროვნებით აიხსნა.

პროექტში ჩართულნი იყვნენ იმერეთის მუნიციპალიტეტების როგორც პროფესიონალი, ისე სახალხო თეატრები, როგორც კერძო ტიპის, ისე მუნიციპალური დასები. ჯამში ფესტივალში იმერეთში არსებული ყველა თეატრი მონაწილეობდა.

თუმცა, იგივე გამორჩეულობა საკამათოც გახდა, რადგან ფესტივალი კონკურსს გულისხმობდა - შეჯიბრს პროფესიულსა და მოყვარულ თეატრებს შორის. ამიტომ თეატრების არათანაბარ "წონით კატეგორიაში" მოხვედრას თეატრის მოყვარულთა ერთი ნაწილის მხრიდან მიზანშეუწონლობა ეწოდა. მაგრამ ამას არ ეთანხმებიან ფესტივალის წარმომადგენლები.

"ეს მრავალფეროვნება ძალინ საინტერესოა. შეიძლება იყოს სადაო საკითხი, მაგრამ ამასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, როდესაც არაპროფესიონალები გამოდიან პროფესიონალების გვერდით და ისინი იძენენ ახალ გამოცდილებას", - მიაჩნია ფესტივალის ჟიურის წევრ, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს.

გამოცდილების გარდა გამოჩნდა რესურსი, შესაძლებლობები, რაც რეგიონულ თეატრებს აქვთ. "ძალიან ბევრი მცდელობა იყო ნამუშევრების თანამედროვე თეატრთან შესაბამისობაში მოქცევის", - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

ხაზი გაესვა სამსახიობო შესრულებას, რომელიც ფესტივალის გამორჩეულ და ერთ-ერთ ძლიერ მხარედ დასახელდა.

"სამსახიობო შესაძლებლობები არის მართლაც საბადო ქართული თეატრისთვის. ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მსახიობის ნამუშევარი გამოიკვეთა წელს, რაც ძალიან კარგია", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

სამაგიეროდ სპეციალისტები მოისაკლისებენ ექსპერიმენტებს და სიახლის გაბედულ ძიებებს ავტორთა მხრიდან.

"თეატრალურ სფეროში ამ ფესტივალით, არც შემოქმედებითი და არც ტექნიკური, არც თეატრალური ექსპერიმენტის თვალსაზრისით სიახლე არ მომხდარა. რაღაც მოძველებულ ფორმები იყო, დარჩა შთაბეჭდილება, რომ თეატრები ცდილობდნენ აქცენტი მოწონებაზე გაეკეთებინათ. პირადად მერჩივნა ექსპერიმენტის დონეზე მეხილა სპექტაკლი, ვიდრე რაღაცნაირად კარგად შეფუთულობა ყოფილიყო. თეატრალური ძიება არ იყო, ან ნაკლები დოზით იყო", - ამბობს ხელოვნების სახლი „ღია ჩარჩოს“ წარმომადგენელი ვარლამ ფესტვენიძე.

ფესტვენიძისგან განსხვავებით ფესტივალის ორგანიზატორები გარკვეულ ექსპერიმენტზე მაინც მიუთითებენ და ამ კუთხით გამოყოფენ საჩხერის, ვანისა და ხონის თეატრების სპექტაკლებს. თუმცა იმასაც აზუსტებენ, რომ ექსპერიმენტი "ზომიერების" ფარგლებს არ გასცილებია.

"ზედმეტად გაბედული არაფერი იყო. ყველაფერი გამომდინარეობს იმ მონაცემიდან, სიტუაციიდან და იმ სივრციდან, რომელშიც მონაწილეობენ ეს თეატრები. ისინი ხომ მხოლოდ ფესტივალზე არ ფიქრობენ, არამედ მაყურებელზეც და ასეც უნდა იყოს. ამიტომც, ძალიან ბევერი ნამუშევარი სულაც არ იყო გაბედულად წინგადადგმული ნაბიჯი", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

სპექტაკლების მიმართ იყო უფრო მკაცრი შეფასებაც და "ჩამორჩენილობის" პრობლემის არსებობის აღიარებაც რეგიონის თეატრებში. "ბევრი მაინც არის ჩარჩენილი უკვე გასული საუკუნის ქართული თეატრის სტილისტიკასა და ესთეტიკაში, რაც დროზე არის მისახედი, გამოსასწორებელი. ქართული თეატრი უნდა განვითარდეს და ეს თეატრებიც უნდა უწყობდეს ამას ხელს. ამ პროცესს არ უნდა ჩამორჩნენ", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

სპეციალისტები გამოსავალს კარგ დაფინანსებასა და დასის პროფესიონალ რეჟისორებთან მუშაობაში ხედავენ. თუმცა, ესეც მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ თუ არ მოხდა თეატრის ძირითადი დანიშნულების გააზრება.

"თეატრი არის ერთადერთი ხელოვნება, რომელიც თანამედროვე ხელოვნებაა. ის ვერ უსწრებს და ვერც ჩამორჩება დროს. იგი დღევანდელობას უნდა პასუხობდეს აუცილებლად", - მიაჩნია ლაშა ჩხარტიშვილს.

თეატრალური ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" 2002 წლიდან არსებობს. იგი წელს მეშვიდედ ჩატარდა. მასში იმერეთის რეგიონის თეატრების გარდა ცხინვალისა და პოლონეთის ქალაქ ტორუნის თეატრებმაც მიიღეს მონაწილეობა.

Print