კულტურა
ლექსი, რომელიც მღერის
FaceBook

"ამღერებული ლექსი" - ამ სახელწოდების საღამო ლადო მესხიშვილის თეატრში გაიმართა.


კონცერტზე აჟღერებული სიმღერების ლექსების ავტორი პოეტი ლილი ნუცუბიძე გახლდათ.

ცნობილი სიმღერები "საყვარელო მამულო ", "შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება " და ა.შ. ქუთაისელი პოეტის ტექსტებზე შეიქმნა. ყველა ეს სიმღერა კიდევ ერთხელ გაისმა მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე.

კონცერტი კომპოზიტორებმა რუსუდან სებისკვერაძემ და ნუნუ გაბუნიამ წაიყვანეს, საღამოზე აჟღერებული მელოდიები მათი ავტორობით შექმნილი გახლდათ.

ლილი ნუცუბიძის ლექსებზე დაწერილი სიმღერები მომღერლებმა მაია ჯაბუამ, ეკა მამალაძემ, ნუკრი კაპანაძემ, გიორგი მეფისაშვილმა, ნინუცა ბედიაშვილმა, ქალთა ტრიომ და "თეატრალურის კვარტეტმა" შეასრულეს.

სიმღერებებს გარკვეული ისტორიები უძღოდა წინ, რომელთაც კომპოზიტორები აცნობდნენ მსმენელს, რითაც მუსიკალურ კომპოზიციას სხვა კონტექსტს და ფონს უქმნიდნენ.

"ლილი ნუცუბიძეს ისეთი პოეზია ჰქონდა, ისეთი სიტყვები, ისეთი მუსიკალობა, თავად ტექსტი გიბიძგებდა რომ სიმღერა დაგეწერა" , - აღნიშნა კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ.

ლილი ნუცუბიძის რითმის განსაკუთრებულობას გაუსვა ხაზი რეჟისორმა თორნიკე მარჯანიშვილმაც.

"ყველა ლექსზე ვერ დაიწერება სიმღერა, საამისოდ ლექსს რაღაც სხვა მელოდიურობა უნდა გააჩნდეს. ასეთი გამორჩეული პოეზია ჰქონდა ლილი ნუცუბიძეს. მან არა მხოლოდ პოეზიას, არამედ ქართულ სიმღერასაც ბევრი მარგალიტი შესძინა", - აღნიშნა მარჯანიშვილმა.

მომავალ წელს პოეტის დაბადებიდან 90-ე იუბილე აღინიშნება. ლილი ნუცუბიძის საღამოს ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერი ქუთაისის მერია გახლდათ.

 

Print