კულტურა
ჩემი ხელოვნების პრინციპი სიყვარულის პროპაგანდაა - პერფორმანსი ქუთაისის სამხატვრო გალერეაში ( ვიდეო)
პერფორმანსი მოსკოველმა არტისტმა კატია კანდორმა წარმოადგინა.

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის მეორე დღე პერფორმანსს, გამოფენებს და კონფერენციას დაეთმო.

პერფორმანსი მოსკოველმა არტისტმა კატია კანდორმა წარმოადგინა.

მხატვარმა დავით კაკაბაძის გალერეის ეზოში ტილოზე მაყურებლის თვალწინ  აბსტრაქტული ხელოვნების ფერწერული ნამუშევარი შექმნა.  პერფორმანსის დასრულების  შემდეგ მან ნამუშევრის კონცეფცია  ახსნა.

"ჩემი ხელოვნების პრინციპია სიყვარულის, ბედნიერებისა და სიხარულის პროპაგანდა. პერფორმანსის დროს წარმოვადგენ იმას, რომ ცხოვრება მიდის, იცვლება და არაფერია მუდმივი", - აღნიშნა კატია კანდორმა. 

მოსკოველი ხელოვანი საქართველოში პირველადაა და როგორც თავად აღნიშნავს, ქვეყანამ მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

"აქაურობა ძალიან ლამაზია, თბილა და სინათლეა",  - აღნიშნა მხატვარმა.

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2016" მიმდინარე წლის 17 მაისს დაიწყო და 20 მაისამდე გასტანს.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენციები, გამოფენები, ასევე ქართული წარმოშობის ფრანგი მხატვრის, ანრი მაჭავარიანის  მასტერ კლასი.

"ქარავან არტ ფორუმი 2016" ანიტა რაჭველიშვილის კონცერტით დაიხურება. მეცო-სოპრანო კომპოზიტორისა და დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის პრემიერა 2014 წელს ნიუ -იორკში გაიმართა.



Print