კულტურა
ხელოვნება, რომელიც მასობრივ წარმოდგენებს არ ექვემდებარება - გამოფენა ქუთაისში
FaceBook
გიორგი ჭიღლაძის პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 36 კომპოზიცია, რომლებზეც მხატვარი 2013 წლიდან მუშაობდა.

მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის  საგამოფენო დარბაზ "ვარლას" სივრცეში, მხატვარ გიორგი ჭიღლაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 36 ნამუშევარი, რომლებზეც მხატვარი 2013 წლიდან მუშაობდა.

კონცეპტუალური აბსტრაქცია - ასე შეიძლება ეწოდოს გიორგი ჭიღლაძის წარმოდგენილ კოლექციას, ნახატები, რომლებიც როგორც გამოფენაზე აღინიშნა, სააზროვნო იმპულსებსა და ბიძგებს აჩენს დამთვალიერებელში.

"აზრითა და ფიქრით დატვრითული მისი (გიორგი ჭიღლაძის) ხელოვნება სწორედ მაყურებლის აზრისა და ფიქრისკენაა მიმართული", - აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე, ზურაბ თოდუა.

მხატვარი ფიქრისთვის სხვაგვარ გარემოს ქმნის, რომელსაც მხატვრული აზროვნების ტრადიციული სივრციდან გაყავს დამთვალიერებელი.

"გიორგი მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან პასიონართა ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ თავისი შემოქმედებით ახალი იმპულსი შეიტანონ ტრადიციულ მხატვრულ აზროვნებაში, აქტიურად გამოიყენონ თანამედროვე ავანგარდულ არტ-სივრცეში მიმდინარე ძიებების გამოცდილება. მას კარგად ესმის, რომ წლების მანილზე მასობრივ შეგნებაში დალექილი შეხედულებებიდან გადახრა, გაუგებრობისა და მიუღებლობის მომტანია, მაგრამ იგი არ ცდილობს დაუქვემდებაროს თავისი ხელოვნება მასობრივ წარმოდგენებს", - მიაჩნია ზურაბ თოდუას.

გამოფენა, სადაც წარმოდგენილი "ხელოვნება მასობრივ წარმოდგენებს არ ექვემდებარება", ერთ კვირას გაგრძელდება.

გოორგი ჭიღლაძის ტილოები 1999 წლიდან იფინება სხვადასხვა გამოფენებზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, შვედეთის, რუსეთის, ირანისა და საქართველოს კერძო კოლექციებში.



Print