ჭიათურაში, წერეთლის სახელობის ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე,
მულტიფუნქციური მუზეუმ-მაღაროს შექმნა იგეგმება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტირების კონკურსი უკვე
გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, ათწლეულების წინ შეჩერებული მაღარო თანამედროვე
სამუზეუმო სივრცედ უნდა გარდაიქმნას, რომელიც ჭიათურის ინდუსტრიულ
ისტორიას გააცოცხლებს და რეგიონში ტურიზმის განვითარების ახალ
შესაძლებლობებს შექმნის.
მომავალი მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი მიწისქვეშა გვირაბები
იქნება. მათი უსაფრთხო ადაპტაციის შემდეგ, დამთვალიერებლებს საშუალება
ექნებათ, სპეციალურ მარშრუტზე გაიარონ და მადნის მოპოვების პროცესის
შესახებ ინტერაქტიული ფორმით მიიღონ ინფორმაცია.
კომპლექსში დაგეგმილია საგამოფენო და მისაღები სივრცეები,
საინფორმაციო ცენტრი, კვების ობიექტი, სუვენირების მაღაზია, ვიზიტორთა
ეკიპირების ზონა, დაახლოებით 100 ადამიანზე გათვლილი საგანმანათლებლო
ამფითეატრი და სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე.
მუზეუმში თანამედროვე ტექნოლოგიებიც იქნება გამოყენებული — მათ შორის
ჰოლოგრამები და 3D ვიზუალიზაციები, რაც სტუმრებს ჭიათურის სამთო
წარსულის გაცნობას განსხვავებული ფორმით შესთავაზებს.
პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტურობისა და
უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ისტორიული მაღაროსთვის
ახალი ფუნქციის მინიჭება ხელს შეუწყობს ჭიათურის ინდუსტრიული
მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და
ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები