კულტურა
დღეიდან, ქუთაისი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს მასპინძლობს
FaceBook
დღეიდან, 27 სექტემბრიდან – 2 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისში, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება.

6 დღის განმავლობაში, კინოთეატრ "საქართველოში", ფესტივალი მაყურებელს  მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად, ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს.

ორგანიზატორების განმარტებით, წლევანდელი ფესტივალის ფოკუს ქვეყანა იქნება იტალია, რის ფარგლებშიც გაიმართება: პიერ პაოლო პაზოლინის, ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას ნამუშევრების რეტროსპექტივები. ფესტივალს ეწვევა იტალიელი რეჟისორი ბენიამინო ბარეზე და ნაჩვენები იქნება მისი ფილმი - “დედაჩემის გაუჩინარება”. სპეციალური სტუმარი იქნება ფილმის მთავარი პერსონაჟი, მოდელი და ჟურნალისტი ბენედეტა ბარძინი.

ამასთან, ფესტივალი განაგრძობს გამორჩეული კინემატოგრაფისტების ღვაწლის აღნიშვნას, სწორედ ამიტომ გაიმართება ლუის ბუნიუელისა და რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმების საიუბილეო ჩვენებები.

ფესტივალზე ჟიური ერთობლივად შეაფასებს საკონკურსო ფილმებს და გასცემს ოქროს დინოზავრებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი და საუკეთესო ფილმი.

ფესტივალი 2 ოქტომბერს დაიხურება.


Print