კულტურა
ქუთაისელი გოგონები კანის კინოფესტივალზე წარდგენილ ფილმში მონაწილეობენ
FaceBook
ელენე ნავერიანის ახალი ფილმი „შაშვი შავი მაყვალი“ იმ 30 ფილმს შორის მოხვდა, რომელსაც კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელ სექციაში (Quinzaine des cinéastes) უჩვენებენ.

ფილმის მსოფლიო პრემიერა, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, პროგრამის „რეჟისორთა ორკვირეული” ფარგლებში გაიმართება.

პროგრამა 1969 წელს ფრანგ რეჟისორთა გილდიის მიერ დაარსდა და მასში მონაწილეობას გამორჩეული ხედვის რეჟისორების ნამუშევრები იღებს.

ფილმი „შაშვი შავი მაყვალი“ თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. წიგნი 2021 წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა.

„შაშვი შაშვი მაყვალი“  ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის აღწერაც ამგვარია:

"პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიის მესაკუთრე ეთერო 48 წლის დაუქორწინებელი ქალია. მას ერთნაირად უყვარს საკუთარი თავისუფლება და ნამცხვრები. ის ჭორების გარეშე მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის ემზადება, თუმცა დისტრიბუტორ კაცთან ცეცხლოვანმა სასიყვარულო ურთიერთობამ შესაძლოა მისი გეგმები გაანადგუროს".

აღსანიშნავია, რომ ფილმში ორი ქუთაისელი მოსწავლე მარიკო დიდია და ანი მოგელაძე მონაწილეობენ.

კანის კინოფესტივალი 16-დან 27 მაისის ჩათვლით გაიმართება.

Print