ახალი ამბები
13 წლის ქუთაისელი პიანისტი პარიზში გამართულ კონცერტში მესამედ მონაწილეობდა
FaceBook
ქუთაისელი პიანისტი ლიზი მეგრელიშვილი პარიზში, დასოების პრესტიჟულ სასახლეში იმყოფებოდა.

მან მაესტრო მიშელ სონის ფონდის SOS Talents-ის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა ვირტუოზი პიანისტების კონცერტში უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა და მსმენელის ოვაციები დაიმსახურა.

13 წლის პიანისტი თბილისის მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელში, ასოცირებულ პროფესორ ნინო ქათამაძის კლასში სწავლობს.

ლიზიმ ქუთაისში მ.ბალანჩივაძის სახელობის N1 სამუსიკო სკოლა დაამთავრა (პედაგოგი ხათუნა იობიძე-ჭოხონელიძე). ის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულია. არის ფრანგი კომპოზიტორის, მიშელ სონის SOS ტალანტების ფონდის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული გალა კონცერტებში მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე.

მიშელ სონი, ელისო ბოლქვაძესთან ერთად, უკვე წლებია ახორციელებს ქართველი პიანისტების ხელშეწყობას მისივე დაარსებული საერთაშორისო ფონდის - SOS Talent Foundation მეშვეობით.

ახალგაზრდა ვირტუოზი პიანისტების კონცერტი დასოების პრესტიჟულ სასახლეში, შანზელიზეს გამზირზე, ყოველწლიურად იმართება.

Print