კულტურა
"გადავწყვიტე, გამეცოცხლებინა ყველასთვის ძვირფასი კალათბურთელი ზურაბ საკანდელიძე"
FaceBook
ქუთაისში, ლეგენდარული კალათბურთელის, ზურაბ საკანდელიძესადმი მიძღვნილი გრაფიტი გამოჩნდა.

ნახატი ასათიანი-ჭავჭავაძის კვეთაზე (ე.წ სტეკლოტარაზე) მდებარე ერთ-ერთი შენობის კედელზე, "ნიკოს" მიერაა შესრულებული.




"როდესაც გავიგე, რომ ქუთაისში ვხატავდი, გადავწყვიტე, ნახატი ყოფილიყო უფრო მათი და გამეცოცხლებინა ერთ-ერთი ლეგენდა. წარსული შავ-თეთრიდან ფერად მომავალში ნატყორცნი ბურთი. ყველასთვის ძვირფასი კალათბურთელი ზურაბ საკანდელიძე", - ამბობს გრაფიტის შემსრულებელი (Pablo). 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, ბალახვანში არსებული „შავი პრინცის“ „ძებნილებისადმი“ მიძღვნილი გრაფიტიც „ნიკოს“ მიერაა შესრულებული. შენობის კედელზე ქართულ ჰიპ-ჰოპში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა: "შავი პრინცის ძმები, ძებნილები და ჯერონიმოა“ დატანილი.

გარდა ამისა, ლ. ასათიანის ქუჩის ერთ-ერთი შენობის კედელზე „ნიკოს“ მხატვრის შთაბეჭდილებებით შექმნილი საფოსტო მარკაა დახატული, ბროწეულებისა და წეროების სიმბოლოებით.

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“ 5-6 წლის წინ შეიქმნა. მისი მიზანი ქალაქების გაფერადება და ქუჩის ხელოვნების განვითარებაა. "ნიკო" ქმნის ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ საშუალება, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს, ქალაქებს ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ.

ფოტო: Nick Paniashvili

Print