კულტურა
„ნიკოს“ მიერ შესრულებული კიდევ ერთი კედელი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ქუჩებში „ნიკოს“ მიერ შესრულებული კიდევ ერთი ნამუშევარი გამოჩნდა.

ლ. ასათიანის ქუჩის ერთ-ერთი შენობის კედელზე შემსრულებლის, Ksyu-ს შთაბეჭდილებებით შექმნილი საფოსტო მარკაა დახატული, ბროწეულებისა და წეროების სიმბოლოებით.


,
„ეს ჩემი პირველი პერსონალური კედელია საქართველოში და მინდოდა სწორედ ამ ქვეყნის შესახებ დამეხატა, ამესახა ჩემი პირველი შთაბეჭდილებები საფოსტო მარკაზე. ბროწეული ჩემი ყველაზე მკაფიო პირველი შთაბეჭდილებაა, ის განასახიერებს თუ რაოდენ შინაარსიანია ცხოვრება აქ. მეორე კი წეროა - რომელიც პირველად ველურ ბუნებაში, გურიაში ვნახე. ის განასახიერებს თავისუფლებას, რითიც გაჯერებულია ჰაერი საქართველოში.

დიდი მადლობა ქუთაისელებს და ქალაქს, მათი მეგობრობისა და სტუმართმოყვარეობისათვის და ნიკოს მთელ გუნდს მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულია „ნიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, ბალახვანში არსებული „შავი პრინცის“ „ძებნილებისადმი“ მიძღვნილი გრაფიტიც „ნიკოს“ მიერაა შესრულებული. შენობის კედელზე ქართულ ჰიპ-ჰოპში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა: "შავი პრინცის ძმები, ძებნილები და ჯერონიმოა“ დატანილი.

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“ 5-6 წლის წინ შეიქმნა. მისი მიზანი ქალაქების გაფერადება და ქუჩის ხელოვნების განვითარებაა ."ნიკო" ქმნის ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ საშუალება, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს ქალაქებს ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ.

ფოტო: Nick Paniashvili


Print