კულტურა
28 დეკემბერს, ქუთაისის ოპერის თეატრში, საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება
FaceBook
ქუთაისში საშობაო-საახალწლო გალა კონცერტისთვის ემზადებიან.
საკონცერტო პროგრამა, რომელსაც მაყურებელს 28 დეკემბერს, 18:00 საათზე, ქუთაისის ოპერის თეატრში შესთავაზებენ, კლასიკურ მუსიკას, ქართულ ფოლკლორს, ბალეტსა და სამეჯლისო ცეკვებს მოიცავს.

ღონისძიებაში მონაწილეობას ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალების წარმატებული მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, პედაგოგები, ფოლკლორული ანსამბლები და ქორეოგრაფიული კოლექტივები მიიღებენ.

მსმენელის წინაშე ასევე წარსდგება პედაგოგთა და მოსწავლეთა გაერთიანებული ორკესტრი, კამერული გუნდი (ქორმაისტერი: ირინა ლომინაძე), სასულე ორკესტრი (ხელ: მალხაზ მჭედლიშვილი), მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კამერული ორკესტრი (დირიჟორი: გიორგი რევიშვილი), ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ( სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი: რევაზ ჯავახიშვილი).

კონცერტზე მოსულ მაყურებელს ოპერის ფოიეში მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები, პანტომიმის თეატრის მსახიობები და ნიღბების თეატრის ზღაპრული გმირები უმასპინძლებენ. ფოიეში წარმოდგენილი იქნება გაერთიანების მუზეუმების თემატური საგამოფენო სივრცეებიც.

კონცერტი ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.


Print