ახალი ამბები
ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2022“ სპექტაკლით „ნუ გააღვიძებ“ გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2022“ დაიწყო. 

ფესტივალი ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის სპექტაკლით "ნუ გააღვიძებ" გაიხსნა (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).

ფესტივალის გახსნის ცერემონიალი ქუთაისის მესხიშვილის თეატრში გაიმართა.

"თეატრალური იმერეთი 2022“-ის დასკვნითი ნაწილიც ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში გაიმართება.

მანამდე კი საფესტივალო სპექტაკლების ნაწილს მუნიციპალიტეტებში წარმოადგენენ, ნაწილს კი მესხიშვილისა და ქუთაისის ოპერის თეატრები უმასპინძლებენ. 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს იმერეთის ყველა პროფესიული თუ სახალხო თეატრი, ასევე დამოუკიდებელი დასები, მათ შორის თბილისიდან. 

წარმოდგენილი იქნება 17 სპექტაკლი.

ფესტივალში ყაზახეთის თეატრიც ჩაერთვება, რომელიც ქართველი დრამატურგის ავქსენტი ცაგარელის პიესის  "ხანუმას" მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს. 

სპექტაკლებს შეაფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

Print