კულტურა
ვინ შეიფარა თეა წულუკიანის მიერ დასჯილი ოპერის თეატრის დირექტორი
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა, თორნიკე მარჯანიშვილმა, რომელიც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პოლიტიკური შეხედულების გამო აითვალწუნა, თანამდებობა დატოვა.

მარჯანიშვილი, რომელსაც მინისტრის საჯარო კრიტიკის მიუხედავად, თეატრიდან წასვლა არ სურდა, ახლა ამბობს, რომ შესაბამისი განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. თუმცა, როგორც ირკვევა რეჟისორი უმუშევარი არ დატოვეს და მისი დასაქმება საკუთარ თავზე ქუთაისის მერიამ აიღო. მარჯანიშვილისთვის შტატი მერიის ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა აიპში შეიქმნა.

"დავწერე განცხადება და წამოვედი, გადავედი კულტურის ააიპში ხელმძღვანელის მრჩევლად. მერისგანაც იყო შემოთავაზება და ააიპის უფროსისგანაც. გარემოებას ხომ ხედავს ადამიანი? ამიტომ, ჯობია ისეთ ადგილზე იმუშაო, სადაც უფრო კარგად გრძნობ თავს, აქ უფრო კარგად ვგრძნობ თავს",
- აცხადებს თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ოპერის თეატრში თორნიკე მარჯანიშვილისთვის დისკომფორტული გარემო მას შემდეგ შეიქნა, რაც გასული წლის აპრილში, კულტურის ახალდანიშნულმა მინისტრმა თეა წულუკიანმა იგი თანამშრომლების თანდასწრებით საჯაროდ გააკრიტიკა და თეატრის დატოვება ურჩია. მაშინ თორნიკე მარჯანიშვილი ამბობდა, რომ მინისტრის სიტყვებით შეურაცხყოფილი იყო, თუმცა, თანამდებობა არ დაუტოვებია. ერთი წლის შემდეგ კი, მარჯანიშვილს დირექტორობაზე უარის თქმა მაინც მოუწია.

თორნიკე მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლას ორი მიზეზით ხსნის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე. მისი თქმით, მარჯანიშვილის ეს გადაწყვეტილება მინისტრთან უსიამოვნო საუბარს არ უკავშირდება და რომ თეატრში ორი შემოქმედის ყოფნა რთულია. გარდა ამისა, თორნიკე მარჯანიშვილი სხვა საქმეებით იყო დაკავებული და თეატრისთვის ვერ იცლიდა.

"ორი შემოქმედი ერთად ძალიან ძნელია, მე შემოქმედი ვარ, ის შემოქმედია, ხშირად არ იყო სამსახურში, 10-დან 6 საათამდე აქ ვერ ვიქნებიო თვითონ თქვა, მირჩევნია გადავიდე მერიაშიო. ვერ გრძნობდა კომფორტულად აქ თავს, მე რომ დამჭირდებოდა და მოვიკითხავდი, პირველ საათამდე ვერ მოდიოდა, აქ უნდა მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც დღე და ღამე სამსახურში იქნება. მითუმეტეს, რაც თეა წულუკიანმა "აღორძინება" დააანონსა, აქ აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს, შემოწმებები იქნება და ამანაც თქვა, რომ მირჩევნია მერიაში გადავიდეო. ეს რომ პოლიტიკური ყოფილიყო, მერიაში ვინ მიიღებდა სამუშაოდ?", - ამბობს ირინა ლომინაძე.

გასულ წელს, კულტურის მინისტრმა თეატრის დირექტორს საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის სახელით მონაწილეობა არ აპატია და ქუთაისში ვიზიტის დროს, თანამშრომლების თანდასწრებით მკაცრად გააკრიტიკა.

"ნაციონალებთან" რომ წასულიყავი, გასაგებია, მაგრამ ჩვენივე გუნდიდან წასულებს როგორ შეუერთდი, რეჟისორი ხართ თუ პოლიტიკოსი. მე თქვენ ადგილზე ახლავე დავტოვებდი თანამდებობას", - უთხრა თეა წულუკიანმა თორნიკე მარჯანიშვილს შეხვედრაზე.

თორნიკე მარჯანიშვილი ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორად 2014 წელს დაინიშნა. 2020 წელს იგი "ქართული ოცნების" გუნდიდან გამოყოფილი დეპუტატების პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსში" გაწევრიანდა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში ჩაერთო. მას საარჩევნო კამპანიის დროს თანამდებობა არ დაუტოვებია. თორნიკე მარჯანიშვილმა არჩევნებში ხმების 0.92% მიიღო.
Print