ახალი ამბები
„რთული იქნება მუშაობა“ - თეატრები ახალი რეკომენდაციებით
FaceBook

თეატრებმა, საქართველოში არსებულს სხვა სახელოვნებო და კულტურულ ორგანიზაციებთან ერთად, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები  მიიღეს.


რეკომენდაციები კულტურისა და ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. იგი გასატარებელ ღონისძიებათა და გასათვალისწინებელ  წესთა მთელ სერიას მოიცავს.


რეკომენდაციებმა პანდემიის პირობებში შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების წინაპირობა უნდა შექმნას -  არც ჯანმრთელობას უნდა  მიადგეს საფრთხე და არც შემოქმედებითი პროცესები შეჩერდეს.

რეპეტიციების წარმართვა და სპექტაკლის წარმოდგენა მთავარ სირთულედ არ მიაჩნიათ მესხიშვილის თეატრში.


„დავდგამთ ორკაციან ან სამკაციან სპექტაკლებს. მონო სპექტაკლის პრემიერაც გვქონდა დაგეგმილი“, - ამბობს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.


მესხიშვილის დიდი დარბაზის პირობებში მაყურებლების დისტანცირებაც მოხერხდება.

სამაგიეროდ ვერ მოახერხებენ დარბაზის გაქირავებას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას არავინ იქირავებს.

კომერციული ღონისძიებების მიზანი მეტი მაყურებლის მიზიდვა და მეტი ბილეთის გაყიდვაა, რეკომენდაციების პირობებით ბევრ მაყურებელს ვერ შეკრებ, შესაბამისად, ცოტა ვინმეს თუ გაუჩნდება დარბაზის დაქირავების სურვილი.


ამ დამატებითი შემოსავლის გარეშე თეატრი რჩება კომუნალური გადასახადების თუ სხვა ხარჯების გაუსტუმრებლობის დილემის წინაშე.


„რთული იქნება წარმოდგენის ჩატარება და სრულფასოვან საოპერო სპექტაკლის გამართვაზეც ზედმეტია საუბარი“, - ამბობს ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.

თუმცა დირიჟორს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ორკესტრისა და გუნდის რეპეტიციების ჩატარება შეუძლებლად არ მიაჩნია.


„ვცდილობთ ჯგუფური რეპეტიციების ჩატარებას. არსებობს ასეთი პრაქტიკა ჩვენს მუშაობაში ანუ ვიბარებთ, ვთქვათ, ვიოლინოებს ცალ-ცალკე და ვატარებთ ათკაციან რეპეტიციებს. ამ პრაქტიკას მივმართავთ ახლაც. საათობრივად გავწერთ გრაფიკს და დავიცავთ ამ რეკომენდაციას“, - ამბობს რევაზ ჯავახიშვილი.


ოპერაში ივლისიდან აპირებენ სარეპეტიციოდ შეკრებას.

„დეკემბერში პრემიერა გვაქვს გამოსაშვები, ამიტომ აუცილებელია დროულად ფორმის აღდგენა“, - ამბობს დირიჟორი.


პრობლემა შუძლია შექმნას სიცხემ და კონდენცირების აკრძალვამ.


„სიცხეში აღარ ვიცი როგორ ვიმუშავებთ  - პირბადით და უკონდენციონეროდ“.


რეკომენდაციით წაყენებული მითითების პირობებში თითქმის შეუძლებლად მიიჩნევს თოჯინური სპექტაკლების გამართვას  ქუთაისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.


„ფაქტობრივად შეუძლებელია იმ რეკომენდაციის პირობების გათვალისწინებით მუშაობა. მითუმეტეს თოჯინების თეატრში  პატარა დარბაზი გვაქვს, იმ სტანდარტების დაცვა ამ პირობებში ძალიან გაგვიჭრდება. ყოველ შემთხვევაში შევეცდებით და ვნახოთ“, - ამბობს ლევან გაბრიჭიძე.

თოჯინების თეატრში რეპეტიციები 6 ივლისიდან განახლდება.

Print