კულტურა
ოჯახური პორტრეტი სიცარიელეში
FaceBook

ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყოველი უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური, წერს ლევ ტოლსტოი „ანა კარენინაში“.


„თავისებურად უბედურ“ ოჯახზე ყვება სპექტაკლი „გადაუღებლად წვიმს 13.06...“ რომლის პრემიერა ქუთაისის მესხიშვილის თეატრში გაიმართა (რეჟისორი ლილი ბურბუთაშვილი, პიესა - მაკა კუკულავა).

ოჯახური პორტრეტი ინტერიერში დიდ სცენაზე გათამაშდა.

სპექტაკლის მიხედვით, ცოლ -ქმარი (ენდი ძიძავა, დავით როინიშვილი), რომელთაც ათწლეულების თანაცხოვრება აკავშირებდათ ერთმანეთს დაშორდნენ. ეს მათი ოფიციალურად ურთიერთობის ბოლო დღეა. ცოლ- ქმრის ამპლუის 12 საათი, ბოლო ძაფი, რომელიც ამ საღამოს შემდეგ გაწყდება.

პიესის და სპექტაკლის ავტორებმა იმ მომენტში „შეუსწრეს“ მათ გმირებს, როდესაც ადამიანს წლების განმავლობაში ტაბუდადებულ თემებზე, დამალულ ურთიერთობებზე აღსარებების თქმის და გულახდილი აღიარების იშვიათი სურვილი უჩნდება.


იმ ღამეს ჭეშმარიტების მომენტი დგება ანასა და სანდროს ცხოვრებაში

ყველაზე მართალი დღე თუ ღამე წყვილის ურთიერთობის ისტორიაში, ავთენტური ტკივილით, სიცილით თუ ცრემლით.


ორი ადამიანის მთელი ცხოვრება ერთ საათში უნდა ჩაეტიოს და გათამაშდეს.

ამოცანა რთულია, იმიტომ რომ ეს ისტორია სხვა ისტორიებზე მეტად ითხოვს მხატვრულ და აქტიორულ სიმართლეს დრამატურგიდან, რეჟისორიდან, მსახიობებიდან.


მითუმეტეს რომ პიესაშიც და სპექტაკლშიც მათ გარემო, საგნები, სხვა პერსონაჟები ნაკლებად ეხმარებიან.

სპექტაკლის პერსონაჟები ცარიელ ბინაში არიან ჩაკეტილი.

არაფერი იქცევს ყურადღებას, ვერაფერზე გადაიტან სალაპარაკოს, ვერაფერს დაიხმარ. პერსონაჟებიც და მსახიობებიც სრულიად  განიარაღებულები არიან.


ცარიელი სივრცე მხოლოდ მართალმა და სწორმა ემოციამ უნდა შეავსოს

მაგრამ სპექტაკლში სივრცე ცარიელი რჩება.


„სიმართლის მომენტმა“ დრამატურგის მხრივ უკეთესად ან სხვაგვარად დამუშავებული ხასიათები მოითხოვა. მოითხოვა სათქმელის სიღრმე. მეტი მრავალფეროვნება, რომ ოჯახური პორტრეტი ინტერიერში სრულფასოვნად დახატულიყო. მაგრამ ხსენებულ „მოთხოვნას“ არ მიეცა სათანადო მსვლელობა. სათქმელი ზედაპირზე დარჩა. მინაზე შერჩენილი წვიმის წვეთივით.


სპექტაკლში „გადაუღებლად წვიმს“ მსახიობების თამაშშიც  დეტონაციები შემოდის. ამ „მართალ სპეტაკლს“ კი არც ერთი სიყალბე და აცდენა არ ეპატიება. რადგან აქ სიყალბე ისე ისმის და ისე ჩანს როგორც ელვა გრუხუნებს სპქტაკლში სცენის მიღმა.


„გადაუღებლად წვიმს 13.06...“ არის სპექტაკლი ურთიერთობებზე ამიტომ რა სიბრძნეც არ უნდა თქვან, მოხდენილი ფრაზა თუ რეპლიკა პერსონაჟებმა, მართალი ემოციის გარეშე, იგი მიზანს ასცდება. არავინ დაიჯერებს პერსონაჟების აღიარებებს, მათ წუხილს თუ ტკივილს. არავის გაუჩნდება თანაგრძნობა. მხოლოდ იმაში დაეთანხმებიან, რომ ასეთი ოჯახი, ყალბი ურთიერთობებით, ნამდვილად უნდა დანგრეულიყო.

Print