კულტურა
ევა ხუტუნაშვილის ხმა მესხიშვილის თეატრის სცენიდან
FaceBook

„მსახიობს, რომელიც ამ როლს ითამაშებს, ავტორი ურჩევს, მოერიდოს შეურაცხყოფილი ქალის ირონიისა და გაავების წარმოჩენას.


პერსონაჟი მსხვერპლია...

ავტორი ისურვებდა, მსახიობი ისეთ

შთაბეჭდილებას ქმნიდეს თითქოს სისხლისაგან იცლება, თითქოს


ყოველი მოძრაობა დაჭრილი ცხოველივით სისხლს აკარგვინებს,
მოქმედების დასასრულს მთელი ოთახი თითქოს სისხლით უნდა
იყოს სავსე“,  - წერს ჟან კოქტო მის პიესაში „ადამიანის ხმა“.


მსახიობი ევა ხუტუნაშვილიც ეთანხმება ავტორს და მიყვება „ინსტრუქციას“, რომელიც ძალიან რთული შესასრულებელია.

ეს რთული როლი შეარჩია ევა ხუტუნაშვილმა მის საიუბილეო  საღამოზე,რომელიც მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართა, ამ როლით შეაჯამა საკუთარი შემოქმედება, რომელიც თითქმის 50 წელს ითვლის.



ჟან კოქტოს „ადამიანის ხმა“ ერთგვარი ტესტია სამსახიობო ოსტატობაზე.  მონოსპექტაკლი, რომელიც მხოლოდ მონოლოგზეა აგებული, მსახიობიდან დიდ არტისტულ შესაძლებლობებს ითხოვს. ერთმა მსახიობმა უნდა აიძულოს პუბლიკა მისი პერსონაჟის ტყავში აღმოჩნდეს, მარტომ შეავსოს დიდი სცენის სივრცე, კოქტოს თუ დავესესხებით -  მთელი ოთახი „სისხლით გაავსოს“.


ევა ხუტუნაშვილმა ეს როლი 70 წლის ასაკში ითამაშა და აჩვენა, რომ  არც მსახიობს და არც სიყვარულს ასაკი არა აქვს.

70 წლის ასაკშიც შეგიძლია სცენაზე მოიტანო ვნების, სასოწარკვეთის, დაცილების, ტკივილის მთელი სიმძაფრე.

ასაკთან ასეთი თამაში პირველი შემთხვევა არ არის ევა ხუტუნაშვილის შემოქმედებაში.


მან, 25 წლისამ  შეასრულა ოლღა ბებიას როლი გოგი ქავთარაძის სპექტაკლში  „მე, ბებია, ილიკო დ ა ილარიონი“.  დიდი დამაჯერებლობით აჩვენა ხანდაზმული ქალის სამყარო, ასეთივე წარმატებით შეძლო 70 წლის ასაკში 25 წლის ქალის გრძნობებისა და ემოციების მოტანა.

ევა ხუტუნაშვილმა მისი ხმა შთამბეჭდავად გააჟღერა  საიუბილეო საღამოზე. ზედმეტი სიტყვების გარეშე, საქმით აჩვენა რა შეუძლია  და რომ შეუძლებელი არაფერია, რომ ასაკი ჯილდოა  და არც სიბერე ნიშნავს დასასრულს.

Print