კულტურა
“ჭკუისა მჭირს” - სპექტაკლი მძიმე პრობლემაზე ვოდევილის ჟანრში (ფოტო)
FaceBook

“ჭკუისა მჭირს” (ზნედაცემულნი)  - მესხიშვილის თეატრში ამ  სახელწოდების სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადებიან.


“ჭკუისა მჭირს” ავქსენტი ცაგარელის პიესაა, რომლის დადგმას რეჟისორი გიგი ლორია ახორციელებს. ეს მისი სადებიუტო ნამუშევარია.


ავტორმა გადაწყვიტა მისი პირველი სპექტაკლისთვის სოციალური თემა შეერჩია და იმ პრობლემას გამოხმაურებოდა, რაც თითქმის ყველა მოქალაქეს აწუხებს საქართველოში.  ბანკები, კრედიტები და მასთან დაკავშირებული უსიამოვნებები.


„პრობლემა არის სოციალური -  საბანკო პრობლემებზე ვყვებით,  რომელიც ყველა ადამიანს შეეხო და ეხება დღეს საქართველოში. თუ უშუალოდ არა აქვს სესხი, იგი  რაღაც ფორმით მაინც არის ბანკზე დამოკიდებული. მე-19 საუკუნეში რაც იყო, იგივეა დღეს. პრობლემა მარადიულია და ადამიანებს ყველა დროში აწუხებთ. ამ პიესის დადგმის სურვილი ამანაც გამიჩინა",  - ამბობს გიგი ლორია.


ავტორი ავქსენტი ცაგარელის საქართველოსა და დღევანდელ რეალობას შორის ბევრ საერთოს პოულობს. თანამედროვეობამ არათუ უშველა ამ პრობლემას რაზეც ცაგარელი ყვება, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაამძაფრა და ადამიანი დამოკიდებული გახადა საბანკო სისტემაზე. სისტემაზე, რომელიც მწვავედ აისახება ადამიანის ბედზე, უცვლის მას ცხოვრებას, აზროვნებას.


თუმცა, რეჟისორის თქმით, იგი შეეცადა ცალმხრივი არ ყოფილიყო და ერთი კუთხით არ წარმოეჩინა პრობლემა და გარკვეული პასუხისმგებლობა მომხმარებლებლისთვისაც დაეკისრებინა და ზოგადად, სპექტაკლის ავტორებმა პრობლემა არ წარმოაჩინეს მძიმე დრამის შუქზე -  “ჭკუისა მჭირს”  ვოდევილია.

„ჩემთვის ეს იყო განაკუთრებით საინტერესო და სტიმულის მომცემი. რომ ამ ჟანრს, ვოდევილს მასშტაბურ სოციალურ პრობლემაზეც მსუბუქად, იუმორით და ცოცხალი მუსიკით  თხრობა შეუძლია.  პრობლემა მნიშვნელოვანია, ყველა მის გარშემო ვტრიალებთ, მაგრამ ვხუმრობთ ამაზე. ამაზეც შეგვიძლია ვიცინოთ“, - ამბობს გიგი ლორია.

სპექტაკლი ერთმოქმედებიანია.

მისი პრემიერა 15 ნოემბერს გაიმართება.


"ჭკუისა მჭირს” რეპეტიციები


კადრი სპექტაკლის რეპეტიციიდან

კადრი სპექტაკლის რეპეტიციიდან

Print