კულტურა
რა ცვლილებებს მოუტანს რემონტი თოჯინების თეატრს?!
FaceBook

 


ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის 73-ე სეზონის გახსნა გვიანდება.

 


მიზეზი რემონტია, რომელიც  თეატრში ჯერ არ დასრულებულა.

თეატრის შენობის გაახლება  გულისხმობს ახალი აპარატურის დამონტაჟებასაც, რომელიც ბევრ რამეზე მოახდენს გავლენას თეატრში.

გარემონტებული შენობა და ტექნიკური აღჭურვილობა არა მხოლოდ გარემოს და ფონს შეცვლის, არამედ ახალი გამოწვევის წინაშე დააყენებს თეატრის დასს.


„დასრულების სტადიაშია თეატრის რემონტი. ახალია აპარატურა ტექნიკურად გადაიარაღდა და მთლიანად შეიცვალა ყველაფერი. იმ ახალ აპარატურას შეგუება უნდა. მათზე უნდა გადაეწყოს ყველა სპექტაკლი, შესაძლებელია  შეცვლა დასჭირდეს ყველა სპექტაკლის დეკორაციას, ფონს. ალბათ, ახლებურად გადააზრება დასჭირდება სპექტაკლების ფორმას“, - ამბობს თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, გარკვეული დრო დასჭირდება ყველა სპექტაკლის ახალ განათებას, გახმოვანებასა და სცენაზე მორგებას, შესაბამისად, რემონტის დასრულებასთან ერთად გარკვეული დროით ისევ გადაიდება სეზონის გახსნა.

„გადამზადებას და გაახლებას დრო უნდა.  რადგან თეატრში 17-18 სპექტაკლია, რეპერტურში სულ-  23 სპექტაკლი. წარმოიდგინეთ რა დრო დასჭირდება  ახალ განათებასა და სცენაზე ყველა ამ სპექტაკლის გადატანას“, - ამბობს ლევან გაბრიჭიძე.

თეატრში დაწყებულია ახალ სპექტაკლზე მუშაობა ვაჟა- ფშაველას „ჩხიკვთა ქორწილის“ მიხედვით. გამზადებულია თოჯინები, დეკორაციები, მუსიკა. სპექტაკლის ავტორები  რემონტის დასასრულს ელოდებიან, რომ მათი ახალი პროდუქტი ახალ სცენასა და აპარატურას მოარგონ.

რემონტის შემდეგ თეატრს გათბობის ახალი აპარატურაც ექნება. რაც კომფორტული გარემოს შექმნასთან ერთად ხარჯებსაც გაზრდის თეატრში.
ხარჯების მოსალოდნელი ზრდა უკვე აისახა ბილეთის ფასზეც. თოჯინების თეატრის სპექტაკლის ბილეთის ღირებულება სამი ლარი გახდა. 

„ეს ბილეთის ყველაზე მინიმალური ფასია სხვა თეატრებთან შედარებით“, - აღნიშნავენ თოჯინების თეატრში.


თეატრში ჯერჯერობით პრემიერების დაგეგმვასაც ვერ ახერხებენ.

„რა იქნება ჩვენი ბიუჯეტი იმის მიხედვით დავგეგმავთ მომავალ რეპერტუარს და პრემიერებს, ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს ვამბობთ“, -  აღნიშნავს თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ბიუჯეტზეა დამოკიდებული გასტროლების და ფესტივალებზე დასწრების საკითხიც.

„შარშან უკრაინაში ვინიცას თეატრალურ ფესტივალზე  ვერ წავედით. რემონტის გამო ნორმალური რეპეტიციების  ჩატარების საშუალება არ გვქონდა. წელს იმედია მოვახერხებთ“,  - ამბობს ლევან გაბრიჭიძე.


თოჯინების თეატრის 2019 წლის ბიუკჯტი 65 ათასს შეადგენს. 


Print