კულტურა
„ცისფერყანწელთა თეატრი“ - თავისუფლებითა და „შეცდომის“ უფლებით
FaceBook
ქუთაისში „ცისფერყანწელთა თეატრის“ შექმნის იდეა გაჩნდა. 
იდეა მსახიობ რეზი ქაროსანიძეს ეკუთვნის. მას მესხიშვილის თეატრის ახალი თაობის მსახიობებიდან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

ახალი თეატრის დაფუძნების სურვილი პუბლიკასთან მეტი ერთობის, თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების სხვაგვარად გააზრების, მაყურებლის მხრიდან მეტი გაბედულების მოთხოვნილებამ გააჩინა. 

მსახიობები ითხოვენ სივრცეს, სადაც მეტი თავისუფლება, უფრო მეტიც -  „შეცდომის უფლება“ ექნებათ. იდეის ავტორების აზრით მესხიშვილის თეატრის აკადემიური გარემო სხვა ესთეტიკას ითხოვს,ამიტომ  მისი სივრცე ექსპერიმენტებისთვის  შეუფერებლად მიაჩნიათ.
ამაზე მიუთითებს მსახიობი ალექსანდრე ფურცხვანიძე.

„(მსახიობ) რეზი ქაროსანიძის  იდეა,  ჩვენი გუნდის იდეა და  ერთობის სურვილი არის მეტი ექსპერიმენტი, მეტი სასიამოვნო „შეცდომის“ უფლება, ახალგაზრდული მუხტი, გადამდებობა, შემეცნება, მაყურებლის გათამამება მისი ჩართულობისთვის, მისი თვითშეფასებისთვის. გვინდა შევქმნათ ისეთი  გარემო, რომელზეც გახდება  მოთხოვნილება. აკადემიური თეატრი, მისი ყოველდღიური რეჟიმით, მისი მაღალი თამასით, ასეთი გაბედულების თავისუფლებას ვერ მოგვცემს და ვერც მოვთხოვთ“, - ამბობს მსახიობი და „ცისფერყანწელტა თეატრის“ დასის წევრი ალექსანდრე ფურცხვანიძე.

„ცისფერყანწელთა თეატრის“ იდეის ავტორები თვლიან, რომ  ქუთაისში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელთაც არ ეძლევათ შანსი საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენისთვის. ეს თეატრი ამ შესაძლებლობას გააჩენს.

„ჩვენი გარემო უნდა გახდეს მათთვის შემოქმედებითი ბიოგრაფიის მთავარი დასაწყისი! ეს არის ჩვენი, როგორც გუნდის  ამბიცია, მიმართულება და მიზანი. შესაბამისად, რადგან ამდენს ვლაპარაკობთ ახალგაზრდულ, ან უფრო სწორად, ახალ  ენერგიაზე, ბუნებრივია,  რეპერტუარიც ახალი ფორმების (ხერხების), მეტი ძიების და არაპრიორიტეტულობის საშუალებას გვაძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ შევეხებით ყველაფერს - მსოფლიო კლასიკას, თანამედროვე დრამატურგიას - ყველაფერს, რაც დღეს არსებულ პრობლემას მკაფიოდ უპასუხებს“ , - აღნიშნავს ალექსანდრე.

ახალი თეატრი „ცისფერყანწელების თეატრს“ ირქმევს. საკუთარ თავს  ცისფერყანწელთა საპროტესტო განწყობის და მებრძოლი სულისკვეთების ერთგვარ მემკვიდრედ აცხადებს.

„ცდა იმ სულისკვეთებისთვის, რასაც „ცისფერყანწელები“  ატარებდნენ.  მუხტი, რითაც წერდნენ, ამბობდნენ და ცხოვრობდნენ. იმ მანიფესტური შეძახილისთვის, რითიც დაიწყეს!  იდეოლოგიისთვის, მომხიბვლელი არტისტიზმისთვის, სამშობლოს და სიცოცხლის სიყვარულისთვის! ამიტომ, „ცისფერყანწელთა“ თეატრი“, - ამბობს ალექსანდრე.

ცისფერყანწელების მიმართ დამოკიდებულება თეატრის  წევრებმა ვიზუალური ფორმატითაც სურთ გამოხატონ. მსახიობები ფიქრობენ, მათი თეატრი თეატრი- ვაგონი იყოს, რეპრესიების მიმართ პროტესტის ნიშნად და სიმბოლოდ, რომელსაც შეეწირა „ცისფერყანწელთა“ დიდი ნაწილი.

თეატრის ანგარიშზე ერთი წარმოდგენა უკვე არის. ორმაისობის დღესასწაულზე  მათ პერფორმანსი „შენი კონსტიტუცია“ წარმოადგინეს.

მერიამ და კონკრეტულად ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სიტყვიერი შეპირება დადო თეატრის მხარდაჭერის საკითხში. 


ფოტო:  მსახიობი ალექსანდრე ფურცხვანიძე პაოლო იაშვილის როლში სპექტაკლში „ბულბულის ნისკარტი“

Print