კულტურა
გაიაფებული სილამაზის დრო
FaceBook
რა იყიდება ყველაზე ეფექტურად?

როგორც აღმოჩნდა სილამაზე.

თუმცა არა მხოლოდ სილამაზე იყიდება, არამედ თავად გამყიდველიც ლამაზი უნდა იყოს. ლამაზმა უნდ გაყიდოს სილამაზე ლამაზებისთვის ან სილამაზისთვის.

მოკლედ ასეა თუ ისე „ლამაზი“ ერთ- ერთი პირველი და ზოგჯერ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება ადამიანის შესაფასებლად. ამაზე მიანიშნებს გარემო.

სრულიად მოსალოდნელია, რომ სილამაზის უფრო ზუსტად ულამაზობის გამო არ მიგიღონ სამსახურში, ასეთი შემთხვევებიც ვიცით. ან „არასწორი“ ცხვირის ან თვალის ჭრილის გამო არ ჩაგრიცხონ კონკრეტულ უნივერსიტეტში - არც უამისობა ყოფილა.

ესთეტიკური ფაშიზმი მძლავრობს და დანებებას არ აპირებს. პირიქით, უფრო დიდ სივრცეეებს იპყრობს.

სწორედ მის „დაპყრობილ ტერიტორიაზე“ ხდება მოქმედება სპექტაკლში „მახინჯი“, რომელიც კაუნასის დრამატულმა თეატრმა ქუთაისში წარმოადგინა. სპექტაკლმა სილამაზის ყოვლისშემძლეობაზე გაამახვილებინა ყურადღება ქუთაისელ პუბლიკას. თუმცა ისიც აჩვენა , რომ ყოვლისშემძლე სილამაზემდე გზა რთულია და არც შედეგია ერთმნიშვნელოვანი.

სილამაზე კულტია. კულტები კი მსხვერპლს ითხოვენ, რაც დიდია მსხვერპლი მით მეტია კეთილგანწყობა ესთეტიკის ღმერთებიდან. ღმერთებს ქურუმები ყავთ პლასტიკური ქირურგების სახით. ისინი ძერწავენ ახალ ადამიანებს მსხვერპლის თუ დიდი თანხის ფასად. ანიჭებენ მათ სილამაზეს და ამით უნაწილებენ გარკვეულ ძალაუფლებას.

ამ ძალაუფლების გემოს იგებს სპექტაკლის მთავარი გმირი ლეტე მას შემდეგ, რაც მტკივნეული და სარისკო პლასტიკური ოპერაციის წყალობით „სრულყოფილ“ ადამიანად იქცევა. იგი ყველა მიზანს აღწევს, ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე აღწევს გამარჯვებას. მაგრამ მალე მისი იარაღი მასობრივი მოხმარების ხდება.

სილამაზის კულტი ყველა ეპოქაში იყო, განსხვავებული სტანდარტებით და კრიტერიუმებით, თანამედროვე ეპოქამ ის მოიტანა, რომ სილამაზე ხელმისაწვდომი და მასობრივი გახადა. ლამაზი და სრულყოფილი შეუძლია იყოს  ყველა. ეს აჩენს სახის დაკარგვის და მასაში ადღვების რისკებს.
ლეტეს სილამაზე არ არის ერთადერთი და უნიკალური. კლინიკა ლეტეს გარეგნობის მასობრივ წარმოებაზე გადავიდა. ამან კი სილამაზის ფასი დააგდო. ესეც კანონზომიერია, რადგან ჩვენი საუკუნე გაიაფებული ტურფების დროცაა.

ლიეტუვას თეატრის სპექტაკლი თანამედროვეობას ეხმიანება და იმ პრობლემაზე აპელირებს, რაც ყველა ჩვენთაგანს ცხვირწინ აქვს. თუმცა ცხვირწინ არსებული პრობლემა რომ დაინახო აუცილებელი არაა ცხვირი პალასტიკური ქირურგიით დაიმოკლო.


ფოტო: სულხან გოგოლაშვილი
Print