კულტურა
„ ვენტილაცია“ - ფესტივალი ესთეტიკური ტკბობის მიღმა
FaceBook
ქუთაისში ხელოვნების ფესტივალის"ვენტილაციის" მესამე ივენთი გაიმართა. პრაქსისის სივრცე კვლავ პოეზიას, მხატვრობას და მუსიკას დაეთმო. რომლებიც პოეტებმა პაპუნა გიორგაძემ, ანა ჩხეიძემ და სალომე კერესელიძემ, მხატვარმა დავით კუხალაშვილმა და მუსიკოსმა ბექა კუნდალინმა წარმოადგინეს.

ვენტილაციის ორგანიზატორებმა ქუთაისელ პუბლიკას ოფიციალური კულტურისა და ღრმა ანდერგრაუნდის გვერდით ალტერნატიული სივრცე შესთავაზეს. სააზროვნო სივრცე, სადაც ხელოვნების ატიპიური ნამუშევრების წარდგენა შეიძლება და სადაც მარადიული თემების გვერდით ზუსტად ჩანს დრო, კონკრეტული ეპოქა.
"ალბათ დროის ადეკვატური უნდა იყო რაღაც დონეზე, რეალობას არ უნდა მოსწყდე ალბათ. ჩემი ნამუშევრები უფრო დასურათებაა იმის რასაც ვხედავ და ვგრძნობ, მხატვრობაზე პრეტენზია არა მაქვს. მხატვრობა უფრო მეცნიერებაა მე ამ მეცნიერების ნაყოფს ვიყენებ ჩემი აზრების გამოსახატად", - აღნიშნა მხატვარმა დავით კუხალაშვილმა.
ფესტივალი მუსიკითაც გამოეხმაურა თავის დროს.ელექტრონული საუკუნე ელექტრონული საუნდითაც გაჟღერდა.
"ელექტრონული მუსიკა ვითარდება მთელ მსოფლიოში, პოპულარული ხდება მეტი მსმენელი ემატება საქართველოშიც კარგი ტენდენცია იგრძნობა ამ მიმართულებით", - აღნიშნა მუსიკოსმა ბექა კუნდალინმა.
"ვენტილაცია" ამ წლის ბოლო ივენთს მომავალ კვირას გამართავს.ფესტივალი მეორე წელია რაც ქუთაისში იმართება."ვენტილაცია" წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების მცირე ფესტივალს, რომელმაც თავი მოუყარა საქართველოში, (და არა მხოლოდ) სხვადასხვა არტისტულ პრაქტიკაში მომუშავე არტისტებს. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ როგორც მუსიკოსები, ასევე პოეტები, ვიზუალური არტისტები და თეორეტიკოსები.როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ ფესტივალის მონაწილეები არიან ისეთი ხელოვანები, რომლებიც არ აკეთებენ რაღაცას მხოლოდ ესთეტიკური ტკბობისთვის. არამედ ისინი ხელოვნებას უყურებენ როგორც ბრძოლის ველს.
პროექტი ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის" ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.

ეკა კუხალაშვილი
Print