კულტურა
ორპირი ქარით გაგრილებული მუზეუმები ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში 6 მუზეუმია. მათგან ხუთი ააიპ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაშია.

ისტორიულ მუზეუმს კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კურირებს.

ყველა მათგანი უნიკალურობითა და ექსპონატთა სიმდიდრით გამოირჩევა. თუმცა, ვიზიტორს ზაფხულში ყველა ამ ექსპონატის დათვალიერება გაუსაძლისი სიცხის პირობებში მოუწევს.

6 მუზეუმიდან დარბაზების გაგრილება და მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება მხოლოდ ისტორიულ მუზეუმში ხდება. დანარჩენ მუზეუმებსა და გალერეას კონდიცირების სისტემა არ გააჩნიათ.

ქუთისის ზურაბ ჯავახაძის სახელობის სპორტის მუზეუმში შენობის ორპირი ქარით გაგრილება ერთადერთი აპრობირებული მეთოდია. ტემპერატურის დარეგულიბის სხვა საშუალება მუზეუმში არა აქვთ.

"შენობაში სამი დარბაზია და 15 ათასზე მეტი ექსპონატი. თუმცა მათთვის მუდმივი ტემპერატურის პირობების შენარჩუნება ვერ ხერხდება", - ამბობს მუზეუმის დირექტორი ზურაბ ჯავახაძე.

მუზეუმში აღნიშნავენ, რომ კონდიცირების საკითხზე არაერთხელ მიმართეს გაერთიანებას, თუმცა მათი თხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.

გამაგრილებელი ვენტილატორის იმედად არიან საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში. მართალია მუზეუმი ძველ შენობაშია, რომელსაც სქელი კედლები იცავს , თუმცა წლევანდელ ცხელ ამინდებს ვერც ეს კედლები გაუმკლავდნენ.

"ტურისტი შემოვიდა და სანამ მუზეუმს ათვალიერებდა ოფლის წმენდას ვერ აუდიოდა.

ჩვენს მუზეუმში ზამთარში ცივა და ზაფხულში ცხელა. ეს ფოტოებსა და ექსპონატებზეც ცუდად მოქმედებს, შეიძლება დაიშალოს ექსპონატი. მუდმივი ტემპერატურის არსებობა მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს მუზეუმის დირექტორის მოადგილე მურმან დემეტრაძე.

სქელი ქვის კედლები არ იცავს ფალიაშვილის მუზეუმს. შენობას მთელი დღის განმავლობაში ადგება მზე. მუზეუმის ექსპონატებიც და თანამშრომლებიც მთლიანად ამინდის კეთილგანწყობაზე არიან დამოკიდებულნი.

"კონდიციონერი არ არის ფუფუნების საგანი, იგი აუცილებელია ამ აუტანელ სიცხეებში ელემენტარულად ჯანმრთელი რომ გადარჩე. ორი თანამშომელი ცუდად გახდა, სწორედ სიცხის გამო, რადგან ვერსად დაემალნენ ამ ხუთვას", - ამბობენ მუზეუმის თანაშრომლები.

ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთანება მათ უფრო მძლავრი ვენტილატორების შეძენას დაპირდა. მუზეუმში იმედოვნებენ, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

ასევე მიუთითებენ სხვაგვარ მიდგომებზეც, რომელიც სადღეისოდ ინერგება მუზეუმებში.

"ტრენინგზე გახლდით, სადაც სწორედ კონდიცირების საკითხს შეეხნენ და იქ ახსნეს, რომ კონდიციონერი ექსპონატებზე კარგად არ მოქმედებს, სხვაგვარად უნდა მოხდეს მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება მუზეუმში“, - აღნიშნავს ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმის დირექტორი მარინე სულაქველიძე.

მუდმივი კლიმატური პირობების ნორმალიზების პრობლემაზე საუბრობს დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეის დირექტორი ელისო ჩოგოვაძე.

"ჩვენთან არ არის გათბობისა და გაგრილების 24 საათიანი სისტემა, ყველაფერი ამორტიზებული. გვაქვს ორი კონდიციონერი, რომელიც არ არის გამართული. სიცხე შემაწუხებელია, აფერხებს ნორმალურად ფუნქციონირებას. ყველაფერი ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანის კეთილდღეობაზე. მაგრამ როცა პირობებს ვერ ქმნი, ამით საქმეც ფერხდება", - ამბობს გალერეის დირექტორი ელისო ჩოგოვაძე.

სამაგიეროდ ტემპერატურული რეჟიმი დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში. მუზეუმს კონდიციონერები 2015 წელს შეუძინა კულტურის სამინისტრომ.

"განაცხადი გავაკეთეთ სამინისტროში და შეგვიძინეს კონდიციონერები. გააჩნია გაგრილებისა და გაციების სისტემა. ბიუჯეტით არის გათვალისწინებული ის ხარჯიც, რაც კონდიცირებას ახლავს. სხვანაირად ვერ გადავიხდიდით. აქ არის ფერწერული ხატები, არქეოლიგია, რომელიც დაცული უნდა იყოს სათანადო ტემპერატურულ რეჟიმში", - ამბობს ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნონა ქარციძე.

სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ მუზეუმებში კონდიცირების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. რადგან ტენდერის გამოცხდება ამჟამად ვერ ხერხდება, ჯერჯერობით  გაგრილების  უფრო მძლავრი სისტემის ვენტილატორებით დაეხმარებიან მუზეუმებს. გალრეაში კი გაგზავნილია ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მწყობრიდან გამოსულ კონდიციონენრს შეაკეთებს. 


ამავე თემაზე: 

ქუთაისის სახელმწიფო თეატრის შენობები კონდიცირების გარეშე - ქონება, რომელსაც ვერ იყენებ
Print