კულტურა
გამოუვალი მდგომარეობა და კულტურა ქუთაისში დიადი რისკების გარეშე
FaceBook
ქუთაისის მერიის დაფინანსებით 2016-2018 წლებში 23 წიგნი გამოიცა. როგორც მხატვრული ისე სამეცნიერო ლიტერატურა.

ამ ლიტერატურის ბეჭდვაში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან  69 502 ლარი დაიხარჯა.

ქუთაისში მერიის დაფინანსებით ყოველწლიურად  ჟურნალი "მწვანეყვავილა" და "განთიადი" იბეჭდება. პირველი 13 ათაი ლარით ფინანსდება, მეორე - 45 ათასით.

ქუთაისის მერია კულტურული და კონკრეტულად, ლიტერატურული პროცესების განვითარებას ამ ფორმით უწყობს ხელს.

ხელოვანები მიიჩნევენ, რომ ეს ხელშეწყობა ნაკლებ მაპროვოცირებელი და არასაკმარისია ცოცხალი კულტურული პროცესის ასაგორებლად. წიგნების გამოცემის სხვა პოლიტიკის შემუშავების პირობებში შეიძლებოდა უფრო საინტერესო შედეგების მიღება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი აფინანსებს სოლიდურ ლიტერატურულ ჟურნალს, რომელსაც სწორედ სახელმწიფოდან უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა.

"დაფინანსების გარეშე ლიტერატურულ პერიოდიკას გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ექნებოდა. ქუთაისში კი არა, თბილისშიც კი ლიტგამოცემები სახელმწიფო დაფინანსების გარეშე ვერ ცოცხლობენ. "განთიადი" უმძიმეს დღეშია მაინც. ჭერი არ გააჩნია და ეს დაფინანსებაც მხოლოდ სანახევროდ სწვდება ამ სოლიდური გამოცემის საჭიროებებს", - ამბობს პოეტი და მთარგმნელი სერგო წურწუმია.

"განთიადი" ქუთაისს უნდა ჰქონდეს. ოღონდ არა ამ ფორმით", - აღნიშნავს მწერალი ტარიელ დათიაშვილი.

"სხვა ფორმით" არსებობას ჭირდება მეტი დაფინანსება. მწერლების აზრით, ამ თანხების მოძიება შესაძლებელი იქნებოდა, თუკი პრიორიტეტებს სხვაგვარად გაანაწილებდნენ და დიდ თანხებს არ დახარჯავდნენ საეჭვო ღირებულების პროექტებში, რომელიც კულტურას და ქალაქს არაფერში არგია.

"რამდენიმე წლის წინ მერიამ 25 ათასი ლარი გადაიხადა ერთ-ერთ დღესასწაულზე მუსიკალურ ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მოწვევისთვის. ჯგუფმა სულ ორი სიმღერა შეასრულა, ისიც გაჭირვებით, ძალით, ზიზღით, ერთი სული რომ ჰქონდათ როდის დაამთავრებდნენ და დაბრუნდებოდნენ მშობლიურ თბილისში, სამარცხვინო მომენტია ეს დამოკიდებულება", - ამბობს ტარიელ დათიაშვილი.

მწერლები, ასევე, საკამათო თემად მიიჩნევენ ცნება - მომგებიანის აღქმას. ხელისუფლებას იგი სხვაგვარად ესმის, მაგრამ "მომგებიანობა" განსხვავებულად მიიღწევა კულტურაში.

"წიგნების ბეჭდვა არამომგებიანია, ბევრი მწერალი, რომელიც ითხოვს ბეჭდვას, ნაცნობობით ცდილობს ამის მიღწევას, ამის გამო უარი ვთქვით წიგნების ბეჭდვაზეო, - ადრე გამომიცხადეს მერიაში. წიგნის დაბეჭდვაზე როგორ უნდა თქვა უარი?" - ამბობს ტარიელ დათიაშვილი.

დასაბეჭდი წიგნების შერჩევის გაურკვეველ სისტემასა და პრაქტიკაზე მიუთითებს სერგო წურწუმიაც.

"ნაკლებად ვიცნობ ამ პროდუქციას და ვერ გეტყვით, რამდენად სწორად არის გაცემული სახსრები, მაგრამ არის წიგნი, რომლის გამოუცემლობა დანაშაული იქნებოდა, თუმცა ისეთებიც ბევრი გვინახავს, რომელთა გამოცემის გარეშეც არამარტო მშვენივრად გაძლებდა ლიტერატურული პროცესი, არამედ ამ გამოცემით დაზარალდა იგი... ".

მწერლები მიუთითებენ რისკებზე, გათვლებზე, ან მომავალში ჩადებულ ინვესტიციებზე, შედეგებზე, რომელმაც შეიძლება რამდენიმე ათწლეულის და საუკუნის შემდეგ გამოიღოს ნაყოფი. მაგრამ იგი ახლა და ამ წუთში უნდა დაინერგოს. კულტურაში „მომგებიანობა“ ასე ითვლება და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ამ მასშტაბებს გულისმობს.

"კულტურა არის ფლორენცია. კარგი გაგებით „უსაქმურების ქალაქი“. ვიდრე მზე არ ჩაქრება, მანამდე ფლორენციას არაფერი მოაკლდება. 50 მილიონი ტურისტი ჩადის ყოველწლიურად ამ პატარა ქალაქში. სიმდიდრე, ციდან ეყრებათ. რისგან? კულტურამ შექმნა ეს. მაგრამ ამის განვითარება იოლი არ იყო, ამაში ფული დაიხარჯა თავის დროზე, ინვესტიცია ჩაიდო, რომ ფლორენცია რამდენიმე საუკუნის შემდეგ კულტურის ერთ-ერთ მექად ქცეულიყო. დღეს შეიძლება არ ჩანს მოგება, როცა მომავალში დებ ფულს, ისიც არ იცი, აქედან რა გამოვა, მაგრამ ამ დიად რისკზე უნდა წახვიდე", - მიაჩნია ტარიელ დათიაშვილს.

რისკების მომენტი და გათვლის შეუძლებლობა კიდევ უფრო მეტია ლიტერატურასთან მიმართებაში. მწერლობაში გარედან ვერაფერს შექმნი და "შეიტან". ხელოვნების დარგებიდან ლიტერატურა ყველაზე "დამოუკიდებელია" და ნაკლებად არის მიბმული ხელისუფალთა მხარდაჭერაზე, თვლიან მწერლები.

"მარტოობის საქმეა მწერლობა. მწერლობაში ვერაფერს განავითარებ და ვერც დააკლებ. ერთადერთი მწერლობაა, რომელსაც პრაქტიკულად ისტორია არ გააჩნია. სერვანტესმა "დონ კიხოტი" რომ დაწერა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომდევნო მწერალი უკეთესს დაწერს, ან "დონ კიხოტისნაირს" მაინც დაწერს. გენიალური ლიტერატურა სად ამოვარდება, რა დროს, რა მომენტში, როგორ ხდება წერა, ეს არავინ აცის. თუმცა, მნიშვნელოვანია მერიაში კოლეგიალური ორგანოს არსებობა, ფორმალური არსებობა, რომელიც ღირებულებით სისტემას ჩამოაყალიბებს, განსაზღვრავს რა დაიბეჭდოს და რა არა. იქნებ მართლა იწერება მნიშვნელოვანი წიგნები და ვერ ვხედავთ?!",  - ამბობს ტარიელ დათიაშვილი.

მწერლები საუბრობენ იდეებზე, რომელიც უფრო ცოცხალს გახდიდა კულტურულ და  ლიტერატურულ პროცესებს ქუთაისში. 

"მე თავის დროს გავახმიანე იდეა, გამომცემლობას ეყიდა მერიის დაფინანსებით ავტორისგან ხელნაწერი და შემდეგ თავად ეზრუნა მის გამოცემასა და რეკლამირებაზე. ეს თავიდან აგვაცილებდა ჩაწყობით წიგნების დაფინანსებას და მათ ხარისხს გაზრდიდა, რადგან გამომცემლობა დაინტერესებული იქნებოდა, სწორედ კარგი ავტორების კარგი ტექსტები ეყიდა და გამოეცა, რათა თავად არ ენახა ზარალი "ბლატით" გამოცემული მდარე წიგნების ჩაწოლით... მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება და ხშირია ერთდღიანი "წიგნების" დაფინანსების ფაქტიც..." -  ამბობს სერგო წურწუმია.




Print