კულტურა
თეატრი და თეატრისმოყვარულები „ერთი სულელის“ მოლოდინში
FaceBook
მესხიშვილის თეატრში სეზონი არ დასრულებულა. თუმცა დასრულდა პრემიერებისა და სიახლეების პერიოდი.

იანვრიდან დღემდე თეატრში სამი პრემიერა წარმოადგინეს, გაიმართა თეატრალური კვირეული და მოეწყო თეატრალური ფესტივალი. მესხიშვილის თეატრმა მოახერხა მისი არსებობის მანძილზე პირველად გასტროლზე საზღვარგარეთ წასულიყო და სტუმრებოდა ბოსნიასა და ჰერცოგოვინას.

ამ ექვს თვეში საკმაოდ ბევრი თეატრალური მოვლენა მოხდა რაც თავისთავად კარგია.

მართალია, სიმრავლე არ განსაზღვრავს ხარისხს. თუმცა, ერთხელაც შეიძლება სიმრავლემ დაბადოს ხარისხი. მითუმეტეს როდესაც ხარისხის გამოცდილება არსებობს.

მესხიშვილის თეატრს გააჩნია თავისი სიმაღლე, მის სცენაზე განხორციელებულა ბევრი საინტერესო სპექტაკლი, მაგრამ აქ სხვა ხარისხზეა საუბარი, რომელიც გააჩნდა ამ თეატრს და იგი ახსოვს, ყოველ შემთხვევაში - ისტორიას.

ახსოვს დიდი სიმაღლეები და დადგმის უმაღლესი პილოტაჟები. რომელთაც ნიჭიერ ავტორთა მთელი გუნდი ქმნიდა.

ისინი ზუსტად ხვდებოდნენ რა გაექტიურებინათ და როგორ, როგორ მოეტყუებინათ ცენზურა, რა ამოეტანათ კლასიკის სიღრმეებიდან და როგორ მიეცათ მათთვისი ახალი სიცოცხლე, როგორ ექციათ მოძველებული და მოსაწყენი ნოვაციად, ზოგადი და განყენებული - პოლიტიკურ აქტად.

როგორც ლუის კეროლის "ალისას" გმირები მიუთითებენ თუ წინ არ მიდიხარ მაშინ მიდიხარ უკან, ერთი ადგილის ტკეპნა უკან სვლაა. თუკი ნოვაციურს არ აკეთებ, არსებული დონისა და ხარისხის შენარჩუნება და ამაზე გამოკიდება საბოლოოდ უკუსვლაა.

მესხიშვილის თეატრი, მის რეპერტუარში არსებული რამდენიმე საინტერესო სპექტაკლის მიუხედავად, მაინც ერთ ადგილს ტკეპნის. მას გააჩნია გარკვეული ხარისხი, მაგრამ ეს "მარაგიც" გაიხარჯება, ექსპერიმენტის, გაბედულების, დაუკრეფავში გადასვლის, სხვა მდინარეში შესვლის გარეშე.

თავის გადარჩენა, ალბათ, მაინც შეტევაშია, ნაკლებად მუდმივ თავდაცვაში.

შესაძლებელია ამ შეტევას მარცხიც ახლდეს მაგრამ მცდელობაც საქმეა. როგორც მეკობრე უილ ტერნეტი ამბობს, არც ერთი საქმე წაგებული არ არის, თუკი მისთვის თუნდაც ერთი სულელი იბრძვის. თეატრისმოყვარულები სწორედ ამ "ერთი სულელის" მოლოდინში ვართ.

Print