კულტურა
საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ბევრი ძეგლის არასწორი რესტავრაცია ხდება - გამოფენა ქუთაისში
FaceBook
"ძველი ქალაქების თანამედროვე იერსახეები" -  ამ სახელწოდების გახლდათ გამოფენა, რომელიც ქუთაისში, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქუთაისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული შენობების ამსახველი 20 ძველი და ანდენივე, მათი შესაბამისი ახალი ფოტოები. ფოტოგამოფენა პროექტის "ძველი ქალაქების თანამედროვე იერსახეები" შედეგების შეჯამება გახლდათ, რომლის მიზანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების იერსახის ცვლილების წარმოჩენა წარმოადგენს. პროექტის ავტორთა სურვილია, ამ გზით მოახდინონ საკითხის აქტუალიზაცია საზოგადოებაში.
"საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების არასწორი რესტავრაცია ხდება ან ამორტიზებულობის გამო ინგრევა.   არ არსებობს საკმარისი ფინანსები რომ მოხდეს მათი სრული რესტავრაცია. სწორედ ეს არის მიზანი რომ დაიწყონ ფიქრი, ქმედებები იმისკენ, რომ მოიძიონ ფინანსები. არსებობს ამის გამოცდილება, ეს არ არის გადაუჭრელი პრობლემა. შეუძლიათ გამოიყენონ საერთაშორისო გამოცდილება, აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ფინანსების მოძიება", - აღნიშნა პროექტის მენეჯერმა ირინა ქართველიშვილმა.
მისი ინფორმაციით, ქალაქების იერსახის კუთხით მეტანლეკლებად მძიმე სიტუაციაა სხვადასხვა ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში.
პროექტი ქუთაისის გარდა ხორციელდებოდა ბათუმში, თელავსა და გორში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის.

Print